8 გზა, როგორ გავხდეთ ჩვენი შინაური ცხოველისათვის უკეთესი მეგობარი

ვარაუდობენ, რომ კატები ადამიანების გვერდით უკვე 12 ათასი წელია, ცხოვრობენ, ძაღლებმა კი ადამიანებთან თანაცხოვრება, დაახლოებით, 20 ათასი წლის წინ დაიწყეს. ყველა შემთხვევაში, ერთგული ოთხფეხა მეგობრები საცხოვრებელს ჩვენთან ერთად უკვე მრავალი ათასწლეულია, იყოფენ.

ამ ხნის განმავლობაში მათ სულაც არ გასჭირვებიათ, ადამიანების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინათ და, როგორც იტყვიან, ჭირსა და ლხინში ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ. მოკლედ, ნამდვილად იმსახურებენ საუკეთესო მეგობრის უპირობოდ წოდებას.

თუმცა, თავად რამდენად ვართ მათი საუკეთესო მეგობრები? მეგობრობა ხომ ორმხრივია; მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც უპირობო სიყვარულს ეფუძნება, მაინც მნიშვნელოვანია, ერთიმეორეზე ვზრუნავდეთ.

წარმოგიდგენთ 8 გზას, რომლითაც თქვენი ძაღლის/კატის უკეთეს მეგობრად იქცევით და გაბუტვის შემთხვევაშიც უფრო მალე შეირიგებთ.

1. დაუთმეთ ყურადღება

ფოტო: Sushama Patel / Dribbble

ყურადღება ოთხფეხა მეგობრებისთვისაც ზუსტად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სხვა ყველა მეგობრისთვის. მეტიც — ხშირ შემთხვევაში მას თქვენ გარდა სხვა მეგობარი არ ეგულება, ამიტომაც, თუკი ახლოს მოგიცუცქდათ გულის გადასაშლელად, მოსაფერებლად ან ცოტაოდენი სასუსნავის დასატყუებლად, რამდენად დაკავებულიც უნდა იყოთ, თავიდან ნუ მოიშორებთ. ისინი ასეთ პატარა დეტალებსაც კი ზედმეტად დრამატულად აღიქვამენ, ამიტომ, სხვა თუ არაფერი, ის მაინც აგრძნობინეთ, რომ მისთვის მალე მოიცლით.

2. დაუთმეთ დრო

ფოტო: Uran / Dribbble

ბარემ მოცლაზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ, რომ არცთუ კარგი ამბავია, თუკი თქვენი ძაღლი ან კატა მოცლიდან მოცლამდე გელოდებათ. ძაღლებს, მაგალითად, აქტიური ცხოვრება უყვართ, ამიტომ მათი ყოველდღიური გასეირნება სასურველია. უფრო დიდი დროის დათმობა პატარაობისას სჭირდებათ, რადგან სწორედ მაშინ ეცნობიან სამყაროს და იყალიბებენ ჩვევებს. შესაბამისად, თამაშში ამყოლიც უნდათ და ზედამხედველიც, რომელიც მოსალოდნელი საფრთხისგან ან “ტუტუცური” ქცევისგან დაიცავს.

3. დაუთმეთ სივრცე

ფოტო: Alessia Margarita / Dribbble

პირადი სივრცე მხოლოდ ადამიანებს კი არა, ცხოველებსაც სჭირდებათ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს პატარა სახლუკა იქნება თუ მთლიანად მისთვის დათმობილი ოთახი — საკუთარი სივრცე ცხოველს მიკუთვნების გრძნობას გაუჩენს, რომელიც ზუსტად ისევე ეყვარება, როგორც თქვენ გიყვართ საკუთარი სახლი. ამიტომ, ეცადეთ, მაქსიმალურად მყუდრო, წყნარი და კომფორტული კუთხე მოუძებნოთ. აქ მას შეეძლება, მარტო ყოფნის სურვილის შემთხვევაში, განმარტოვდეს, გაბუტვის შემთხვევაში, გაგცილდეთ და საახალწლო ფეიერვერკის ხმებსაც დაემალოს.

4. აგრძნობინეთ პატივისცემა

ფოტო: Somewan / Dribbble

მეგობარს პატივისცემით ეპყრობიან და ცდილობენ, მის არჩევანს პატივი სცენ. ამას იმსახურებენ ის ცხოველებიც, რომელთან ერთადაც საცხოვრებელს ვიყოფთ. გარდა იმისა, რომ მეგობრული და თავაზიანი ქცევით ძაღლის ან კატის კეთილგანწყობას მოიპოვებთ, ამგვარად, მათთვის მაგალითის მიცემაც შეიძლება.

5. წაახალისეთ და დააჯილდოვეთ

ფოტო: Uran / Dribbble

კიდევ რა უყვართ მეგობრებს? რა თქმა უნდა, საჩუქრები. არავინ დავობს, რომ ჭეშმარიტი მეგობრობა საჩუქრებზე არ დგას, თუმცა, თქვენი ძაღლის ან კატისთვის მხოლოდ ახალი სათამაშოს ყიდვაც ერთიორად გაზრდის მის სიმპათიებს თქვენდამი, მას კი კარგა ხნის განმავლობაში ექნება თავშესაქცევი. გარდა ამისა, პატარ-პატარა საჩუქრებით განებივრებით, ან მათი დაპირებით, ადვილად შეიძლება სასარგებლო და საჭირო ჩვევები ასწავლოთ.

6. მოიპოვეთ მისი ნდობა

ფოტო: Minkyung / Dribbble

საჩუქრებზე თუ არა, ნდობაზე ნამდვილად დგას მეგობრობა. ძაღლის თვალში სანდო მეგობრის რეპუტაციის მოპოვება სულაც არაა რთული, თუმცა, მთავარია, რამდენად შეინარჩუნებთ ამ ნდობას. რაც უნდა გჭირდებოდეთ — ვეტერინართან წასვლა, ბანაობა თუ სხვა — ნუ ეცდებით მათ მოტყუებას ან მიტყუებას. პრობლემების დიდი ნაწილის მოგვარება ზემოხსენებული წახალისებითაც შეიძლება, ან — თავად შეგიძლიათ შესაბამისი მეთოდის მოძიება ინტერნეტში. მან უნდა იცოდეს, რომ თუნდაც მთელმა ქვეყანამ ზურგი აქციოს, თქვენ ყოველთვის მის გვერდით იქნებით და ამ ზურგს გაუმაგრებთ.

7. არ დასაჯოთ ან დატუქსოთ, მიუთითეთ

ფოტო: Zach Higgins / Dribbble

რაც უნდა სამწუხარო იყოს, ცხოველები ვერბალურ კომუნიკაციას ჩვენთან ვერ ამყარებენ. ამიტომ, რა გასაკვირია, თუკი სიტყვიერ მითითებაზე უტიფარი ან უცოდველი გამომეტყველებით მოგაჩერდებათ. კვლავაც “ზურგის გამაგრების” და ნდობის შენარჩუნების გამო, უმჯობესი იქნება, თუკი მითითებასაც სახალისო დატვირთვას მისცემთ და ასწავლით, რომ დანაშაული, მიუხედავად იმისა, დიდია თუ პატარა (ჩადენილს მაინც აღარაფერი ეშველება), აღარ გაიმეოროს.

8. შეისწავლეთ მისი ხასიათი და სხეულის ენა

ფოტო: Nendo / Dribbble

კვლავაც ლინგვისტური პრობლემის გამო, ხშირად უფრო დიდი პრობლემებიც იქმნება, ვიდრე მისთვის დანაშაულის არსის ახსნაა. თუკი ცხოველი პატარაობიდანვე თქვენთან იზრდება და ზემოხსენებულ რჩევებს ითვალისწინებთ, ყველაზე მეტად კი დროის დათმობის საჭიროებას, მასზე დაკვირვებით დასკვნების ან ვარაუდების გაკეთება რთული არაა. დაკვირვება ყველაზე მეტად სხეულის ენის შესწავლას უკავშირდება — რაზე როგორ რეაგირებს; ამასთან, როდის არის კარგ ხასიათზე და როდის — არა. ამგვარად მის ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც შეძლებთ და ადვილად მიხვდებით, მოსალოდნელ სიტუაციაში როგორ მოიქცეთ.

 

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...