8 მარტს ევროსასამართლოში ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება

“მოძრაობა თვისუფლებისთვის – ევროპული სასამართლოს” წევრის, ოთარ კახიძის ინფორმაციით, 8 მარტს სტრასბურგის სასამართლოში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაა.

როგორც კახიძე სოციალურ ქსელში წერს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ევროსასამართლოს მიწერა, რომ ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა და ამის საფუძველზე ითხოვა კახიძის მიერ სასამართლოში გაგზავნილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა.

“დღეს სტრასბურგია მთავარი საკითხი და შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვაა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში. ამ საქმეზე აპლიკაცია მე გავგზავნე და ვიცავდი ვანოს უფლებებს.

მტკიცებულებათა წარდგენა დავასრულეთ თუ არა, თეა წულუკიანმა სასამართლოს მიწერა – ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო.

ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში. ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა ქ-ნმა თეამ.

სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს.

შევხვდებით 8 მარტს სტრასბურგში”,- წერს კახიძე.

ipress.ge

Comments
Loading...