ზარალი 7 მილიონ ლარს აღემატება – სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა დათვლილია

სამეგრელოში ძლიერი ქარით გამოწვეული ზარალის ძირითადი ოდენობა უკვე დათვლილია.  სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დღეის მდგომარეობით, 7 მილიონ ლარს აღემატება.

„698 საცხოვრებელი სახლის სრულად, ან ნაწილობრივ გადახდილი სახურავების აღსადგენად დაზარალებული მოსახლეობისთვის შესაბამისი მასალის გაცემის პროცესი დასრულების ფაზაშია. დაზიანებული საბავშვო ბაღების, სკოლებისა და დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების რაოდენობამ 31-ს მიაღწია, მათი სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება ხობის მუნიციპალიტეტის ე.წ. ბეწვის ხიდს, რომელიც 2 სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა, ყოველდღიურად 300-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობდა, რომელთაც ხიდის რესტავრაციამდე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება. განმუხურში დაზიანებული ამფითეატრის ზარალს მოწვეული ექსპერტები ჯერ კიდევ ითვლიან, რის შემდეგაც დაიგეგმება აღდგენითი სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, სახურავებთან ერთად, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის კედლებიც ჩამოიშალა, ხოლო მათ აღსადგენად საჭირო სამშენებლი მასალების გადაცემის პროცესი მიმდინარე დღეებში დასრულდება“,–აცხადებენ პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ ძლიერმა ქარმა  30 ნოემბერს სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში   პრობლემები შექმნა.

Comments
Loading...