9 წიგნი, რომელიც ქალის წარმოუდგენელ ძალაში და შესაძლებლობებში დაგარწმუნებს

თუ სიტყვა “ქალის” გაგონებაზე ნაზი, სუსტი არსება წარმოგიდგებათ, ძალიან ცდებით. ქალის შესაძლებლობები უსაზღვროა და რიგ სიტუაციებში მამაკაცზე მეტ ძალას ავლენს. ბუნებრივია, რომ ბევრ მწერალს თავისი ნაწარმოების ძირითად თემად სწორედ ქალის ხასიათი აქვს აღებული და შესანიშნავი რომანი აქვს დაწერილი. ჯენიუსი ამ სტატიაში გთავაზობთ 10 შესანიშნავ წიგნს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ქალი ძლიერი არსებაა.

უდაბნოს ყვავილი – ვარის დირიე და კეტლინ მილერი – ეს არის უბრალო სომალელი გოგონას – ვარის დირიეს ისტორია. 13 წლისა ის ოჯახიდან გაიქცა, მოგადიშომდე მიაღწია და შემდეგ, ლონდონში აღმოჩნდა…. რამნდენიმე წლის შემდეგ კი, ის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელი გახდა. ვარისი არ იყო პირველი შავკანიანი მოდელი, თუმცა ის გახდა პირველი ქალი, რომელიც გაეროს ელჩად დაინიშნა და FGM-თან ბრძოლის ფონდი დააარსა.

ომის არაქალური სახე – სვეტლანა ალექსეევიჩი – პირველი წიგნი ციკლიდან “უტოპიის ხმები”, რომელშიც ცხოვრება დანახულია საბჭოთა კავშირში ინდივიდის გადმოსახედიდან. წიგნი იმ ქალების ინტერვიუებს ეყრდნობა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდნენ. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ინტერვიუ 200 ქალთან, 200 ისტორია და 200 ფაქტი ომგამოვლილი ქალების შესახებ.

ირენ სენდლერის მამაცი გული – ჯეკ მაიერი – ირენ სენდლერის ისტორია, რომელიც ვარშავის ჯანდაცვის სამმართველოს თანამშრომელი იყო. იგი, ამავე დროს, პოლონეთის იატაკქვეშეთის წევრი იყო მეორე მსოფლიო ომის დროს. სენდლერი ნაცისტებმა დააპატიმრეს 2500 ებრაელი ბავშვის გადარჩენისთვის …

ფრიდა კალო – ჰეიდენ ერერა – წიგნი მოგვითხრობს მექსიკელი მხატვრის ნათელ და გასაოცარ ცხოვრებაზე. დაუვიწყარი პიროვნება, რომელმაც გამოიარა ბევრი ფიზიკური ტანჯვა და მაინც გაძლო. ექსცენტრიული და რომანტიკული გამოხტომები, პროგრესული ხედვები – ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი ფრიდა კალოს  პიროვნება უამრავი ადამიანის გულს იპყრობს.

შიმშილის თამაშები – სიუზენ კოლინზი – გახმაურებული ტრილოგია მკითხველს აცნობს 16 წლის კიტნის ევერდინის სამყაროს. მისი სიმამაცე მოგხიბლავთ პირველივე ფურცლებიდან. ეს არის ისტორია ძალაზე, გამბედაობასა და სიცოცხლის სურვილზე. ერთი შეხედვით უბრალო გოგონას ამბავი, რომელიც გმირობებს სჩადის.

მხარგაშლილი ატლანტი – აინ რენდი – დეგნი ტაგარტი რომანის მთავარი გმირია. ის მისდევს კონკრეტულ იდეებს და თავისი პრინციპების ერთგული რჩება ბოლომდე. დეგნი ერთადერთი ქალია მამაკაცების გარემოცვაში და ის არა მარტო მათ დონეზე დგას, ჯობნის კიდეც ჭკუით, სიმამაცით და შრომისმოყვარეობით.

გოგონა დრაკონის ტატუთი – სტიგ ლარსონი – ჯერ კიდევ მოზარდ ლისბეტ სანადერს სასამართლო ფსიქიკურად გაუწონასწორებლად შერახავს. წიგნის გმირი ასოციალური ადამიანია შინაგანი ძალით და გენიალური აზროვნების უნარით, რაც მას მკაფიო პიროვნებად აქცევს. ის მალევე აყვარებს თავს მკითხველს.

მოსამსახურე – კეტრინ სტოკეტი – ისტორია, რომელიც გვიყვება ერთდროულად სამი ძლიერი ქალის შესახებ. თამამი შავკანიანი მოსამსახურე მიმი, კეთილი ეიბილინი და ახალგაზრდა ჟურნალისტი სკიტერი დაიღალნენ უსამართლო მოპყრობისა და რასიზმისგან. ქალები გადაწყვეტენ მთელ მსოფლიოს მოუყვნენ იმ დამცირებასა და შევიწროვებაზე, რასაც ისინი თეთრკანიანი პატრონებისგან იღებენ.

უდაბნოს დედოფალი – ჯორჯინა ჰაუელი – ნამდვილი უდაბნოს შვილი, აღმოსავლეთის დედოფალი – ასე ეძახდნენ მას თანამედროვეები. არაჩვეულებრივი ქალი, მოგზაური, მწერალი, არქეოლოგი და სპეციალური სამსახურის თანამშრომელი – გერტრუდა ბელი. მან დატოვა მრავალი ჩანაწერი თავისი მოგზაურობებიდან, რომელიც შემდგომ წიგნად გადაიქცა.

 

GENIUS.GE

Comments
Loading...