წარმატებული 12 ადამიანი, რომლებაც ერთ დროს პროფესია შეიცვალეს

თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში უამრავი რამ იცვლება — გარემო, მეგობრები, საცხოვრებელი — შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ ვიცვლებით ჩვენც და გვეცვლება დამოკიდებულებები. უცნაურია, თუმცა, ლოგიკურია, რომ თქვენ აღარ ხართ ის პიროვნება, რომელიც ორიოდე წამის წინ იყავით, სანამ ამ სტატიის კითხვას დაიწყებდით. იგი წარსულში დარჩა, თქვენ კი ახლა და აქ კითხულობთ ამ სიტყვებს. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ სამუდამო არაფერია, მათ შორის — არც ჩვენი შეხედულებები.

სხვადასხვა პროფესიულ სფეროში არაერთი ადამიანი მოიძებნება, რომელმაც კარიერის ერთ ან მეტ ეტაპზე მისი შეცვლა გადაწყვიტა. ხშირად ეს გადაწყვეტილება რისკსაც უკავშირდებოდა, თუმცა, შედეგი მათთვის სასურველი აღმოჩნდა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ შემთხვევებში მიზანმა საშუალება გაამართლა.

1. ჯეფ ბეზოსი

ფოტო: Andrew Harrer / Bloomberg

ბეზოსის კარიერა წლების განმავლობაში მოგებაზე ორიენტირებულ სამუშაოს უკავშირდებოდა. იგი უოლ-სტრიტზე მდებარე სხვადასხვა ფინანსურ ფირმას ხელმძღვანელობდა, სანამ 31 წლის ასაკში ელექტრონული კომერციის სფეროთი დაინტერესდებოდა და მსოფლიოს უდიდეს ონლაინმაღაზიას — ამაზონს — დააარსებდა. ამგვარად ბეზოსმა უმდიდრესი ადამიანის წოდებაც მოიპოვა.

2. ჯულია ჩაილდი

ფოტო: John Dominis / The LIFE Images Collection / Getty Images

ჩაილდი სარეკლამო ინდუსტრიაში, მედიასა და სადაზვერვო სამსახურშიც კი მუშაობდა, სანამ 50 წლის ასაკში რეცეპტების პირველ წიგნს დაწერდა. მოგვიანებით იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შეფმზარეული გახდა.

3. მართა სტიუარტი

ფოტო: John Shearer / Getty Images

სტიუარტი მოდელი იყო. 25 წლის ასაკში დედობას ახალი საქმიანობაც შეუთავსა და 5 წელი უოლ-სტრიტზე მომუშავე ბროკერად გაატარა. მოგვიანებით, სხვადასხვა სფეროსადმი საკუთარი სიყვარული მან ერთ კომპანიაში გააერთიანა და ბიზნესსაქმიანობაც ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით დაიწყო.

4. მაიკლ ბლუმბერგი

ფოტო: Getty Images

ბლუმბერგმა 2002 წელს, 59 წლის ასაკში კომპანია Bloomberg L.P.-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა და ბედი პოლიტიკაში სცადა. წარმატებული მცდელობა ნიუ-იორკის მერად არჩევით დასრულდა. ამ თანამდებობაზე მან 11 წელი გაატარა, მოგვიანებით კი კვლავ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა.

5. ვერა ვონი

ფოტო: Astrid Stawiarz / Getty

ვონი ფიგურულად მოსრიალე და ჟურნალისტი იყო, სანამ 40 წლის ასაკში მოდის ინდუსტრიაში ჩართვას გადაწყვეტდა. დღესდღეობით იგი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ დიზაინერად მოიაზრება.

6. დუეინ ჯონსონი

ფოტო: Joel C Ryan / Invision / AP

ჯონსონმა პროფესია არა ერთხელ, არამედ ორჯერ შეიცვალა. იგი კანადური საფეხბურთო ლიგის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის ნახევარმცველი იყო, სანამ 1996 წელს, 24 წლის ასაკში ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციას შეუერთდებოდა, რომელმაც მას ცნობადობა მოუტანა. მოგვიანებით, 2000-იანი წლების დასაწყისში იგი სატელევიზიო ვარსკვლავი და მსახიობიც გახდა.

7. რონალდ რეიგანი

ფოტო: Getty Images

ბევრად ადრე, სანამ რეიგანი აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი გახდებოდა 69 წლის ასაკში, იგი ჰოლივუდის ახალგაზრდა ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.

8. არნოლდ შვარცენეგერი

ფოტო: Schwarzenegger / Twitter

ჯონსონის მსგავსად, ორჯერ მოუწია პროფესიის შეცვლა შვარცენეგერსაც. თავდაპირველად, იგი ბოდიბილდერიდან წარმატებულ მსახიობად იქცა, მოგვიანებით კი, 2003 წელს, კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობა დაიკავა 56 წლის ასაკში.

9. ჯონა პერეტი

ფოტო: Pau Barrena / Bloomberg / Getty Images

პერეტი საბაზო სკოლაში კომპიუტერული მეცნიერების მასწავლებლად მუშაობდა და ბავშვებს მაიკროსოფტ ვორდის გამოყენებას ასწავლიდა. 30 წლის ასაკს გადაცილებულმა პერეტიმ მასწავლებლობა მიატოვა და ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალი ამბების და გასართობი კონტენტის ვებგამოცემა, Buzzfeed, დააფუძნა.

10. რეი კროქი

ფოტო: Medium

კროქის კარიერა წლების განმავლობაში მოკრძალებული სამსახურით შემოიფარგლებოდა — იგი მილკშეიკის აპარატის გამყიდველად მუშაობდა, სანამ 1954 წელს, 52 წლის ასაკში მაკდონალდსს შეიძენდა. ამის შემდეგ კომპანია კვების ინდუსტრიაში უდიდეს ბრენდად იქცა.

11. ბებია მოზესი

ფოტო: AP / Shutterstock

ანა მერი რობერტსონმა, რომელსაც ბებია მოზესის სახელით იცნობენ, ფერმწერის პროფესია 78 წლის ასაკში შეითავსა. 2006 წელს მისი ერთ-ერთი ნამუშევარი $1,2 მილიონად გაიყიდა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული მხატვრის კარიერის დაწყებამდე იგი დიასახლისი იყო და მეურნეობაში მუშაობდა.

12. ტაკიჰირო მორი

ფოტო: Katsumi Kasahara / AP

მორი აკადემიურ საქმიანობას ეწეოდა, სანამ 51 წლის ასაკში უძრავი ქონების აგენტი გახდებოდა. მან დააფუძნა კომპანია, რომლიდან მიღებულმა მოგებამაც 1992 წელს იგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად აქცია. მაშინ მისი ქონება $13 მილიარდს შეადგენდა.

 

წყარო: On.ge

Comments
Loading...