შვედური ჯგუფი — ბენი ანდერსონი, ანი-ფრიდ ლიუნგსტადი, აგნეტა ფელტსკუგი და ბიორნ ულვეისი — თავდაპირველად დაბრუნებისას მხოლოდ ორი სიმღერის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსდა და ხანგრძლივმა პაუზამ ჯგუფს იმის საშუალება მისცა, რომ დაგეგმილზე მეტი სიმღერით დაუბრუნდეს მსმენელებს. ეს ABBA-ს პირველი ახალი მუსიკა იქნება ბოლო 35 წელიწადში.

ჯერჯერობით ცნობილია ორი ახალი სიმღერის სათაური: I Still Have Faith In You და Don’t Shut Me Down.

ჯერ კიდევ 2016 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, რომ 2019 წლისთვის გაზაფხულისთვის ABBA ავატარების ჰოლოგრამული ტურის ჩატარებას გეგმავდა. ტურში ჯგუფის წევრები მათი გვიანი 1970-იანების ტურზე დაფუძნებულ “ნამდვილის მსგავს” ავატარებად (გნებავთ, “აბბატარებად”) უნდა წარდგენილიყვნენ.

“ABBA-ს ამაღელვებელი ავატარების ტურის პროექტის გაკეთების გადაწყვეტილებას მოულოდნელი შედეგი ჰქონდა. ოთხივემ ვიგრძენით, რომ 35 წლის შემდეგ კვლავ სახალისო იქნებოდა ძალების გაერთიანება და ხმის ჩამწერ სტუდიაში მისვლა”, — თქვა ABBA-მ ახალი სიმღერების გამოცხადებისას.

ფოტო: Giphy

ტურნეზე ABBA-ს წევრები თავიანთი ახალგაზრდული ვერსიების სახით გამოჩნდებიან. “ყველა შესაძლო კუთხიდან გადაგვიღეს, კამერის წინ ვიჯღანებოდით, ჩვენს სახეზე წერტილები დახატეს და ჩვენი თავები გაზომეს. როგორც ჩანს, თავისქალა წლებთან ერთად ისე არ იცვლება, როგორც დანარჩენი სხეული”, — თქვა ბიორნ ულვეისმა.

ABBA 1982 წელს დაიშალა. ჯგუფი 2016 წელს კვლავ გაერთიანდა კერძო ღონისძიებაზე, რომელზეც ბიორნისა და ბენის პირველი შეხვედრის 50 წლის იუბილე აღინიშნებოდა.

ჯგუფის დაშლიდან დღემდე ძალიან დიდი დრო გავიდა, თუმცა მსმენელებში ჯგუფისადმი სიყვარულის ცეცხლი დღემდე გულმხურვალედ ანთია.

წინა თვეში ცნობილი გახდა, რომ, შესაძლოა, მომავალში Mamma Mia 3-იც ვიხილოთ. Mamma Mia!-სა და Mamma Mia: Here We Go Again!-ის პროდიუსერმა ჯუდი კრეიმერმა განაცხადა, რომ ტრილოგია შესაძლებელია. კრეიმერის თქმით, მას მიუზიკლზე მუშაობა COVID-19-ის კარანტინის დროს ჰქონდა ჩაფიქრებული.

“ჩემი წარმოდგენით, საქმე ამ თვეების განმავლობაში უნდა მიმეყვანა ბოლომდე, თუმცა შემდეგ კორონავირუსის ბურუსმა მომიცვა”, — ამბობს პროდიუსერი.