საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღო.
ამის შესახებ აბესაძემ ე.წ. კაბელების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში სამართლებრივი პროცესები ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ნების შესაბამისად მიმდინარეობს.
“კიდევ ერთხელ ნათელი გახდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არცერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო არ გაგვაჩნია და ყველაფერი ივანიშვილის ნება-სურვილის შესაბამისად კეთდება. ამჯერადაც, გადაწყვეტილება მხოლოდ საერთაშორისო პარტნიორების და გულშემატკივარი პოლიტიკოსების მხრიდან ხელისუფლებაზე განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღეს. ეს იყო ვიზალიბერალიზაციის პროცესში გაკეთებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული არაერთი განცხადება.
სამწუხაროდ, ხელისუფლება მხოლოდ ასეთი ტიპის ზეწოლაზე რეაგირებს, სამართლებრივი პროცესები კი, პოლიტიკური ნიშნით და მხოლოდ ივანიშვილის ნების შესაბამისად მიმდინარეობს”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განაჩენი გამოაცხადა.
ე.წ. კაბელების საქმეზე საბიუჯეტო თანხის გაფლანგვა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გადამეტების მუხლით გადაკვალიფიცირდა. დაკავებულებს ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. შესაბამისად, ყოფილი მაღალჩინოსნები საპატიმროს ორ თვეში დატოვებენ.