აბესაძე: კვლევები გვიჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზურაბ მელიქიშვილის განცხადებით, ეკონომიკა ხელისუფლების გამო შემცირდა, რაც სამუშაო ადგილების შემცირებას მძიმედ დააწვა.

როგორც მელიქიშვილი აღნიშნავს, მოსახლეობის ჩივილი სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება და ეს NDI-ის კვლევებმაც გამოაჩინა.

„კვლევა ნათლად აჩვენებს სამწუხარო რეალობას, რაშიც ჩვენს მოქალაქეებს ცხოვრება უწევთ. ის, რომ ხელისუფლების გამო შემცირდა ეკონომიკა, ეს მძიმედ დააწვა სამუშაო ადგილების შემცირებას და ბუნებრივია, ჩვენი მოსახლეობის ჩივილი უშუალოდ ამ საკითხებს უკავშირდება.

ყველა სოციალური ჯგუფი ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ შორის, რა თქმა უნდა, პენსიონერები არიან.მთავრობის არასწორი მოქმედების შედეგად, ფასები იზრდება და ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას გაუსაძლისს ხდის“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ფრაქცია „ევროპული საქართველო-უკეთესი მომავლისთვის“ წევრის ირაკლი აბესაძის თქმით, NDI-ის კვლევები გვიჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს.

„ქვეყანაში უმუშევრობა, სიღარიბე და ფასების ზრდა მძიმე პრობლემად რჩება, რომელიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული არასწორი და მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ყველა კვლევა გვიჩვენებს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უჭირს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, 58%-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი კვლავ სამუშაო ადგილებია.

Comments
Loading...