აბესაძე: სამწუხაროა, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობა გამომძიებლებსა და რიგით სამართალდამცველებს შეურაცხმყოფელ სიტუაციაში აგდებს

„მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ მთავარი პროკურატურა დატოვა.

ირაკლი აბესაძე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო დაბარებული. დეპუტატი გამომძიებლებს სამი საათის განმავლობაში ხვდებოდა.

აბესაძის თქმით, გამომძიებლებთან შეხვედრისას საუბარი „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით გადაცემული მილიონი ლარის ქონებას შეეხო.

დეპუტატის თქმით, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა გამომძიებლებს კორუფციის დაფარვას აიძულებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგადად, „ქართული ოცნება“ და ამ შემთხვევაში, მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობა, შეურაცხმყოფელ სიტუაციაში იმ პროფესიონალ გამომძიებლებს, რიგით სამართალდამცავებს აგდებს, რომელთაც ბიუჯეტიდან მოპარული მილიონების გაპრავება და იმ ჩინოვნიკებზე გადაფარება ევალებათ, რომლებიც კორუფციითა და მექრთამეობით არიან დაკავებული.

ვისაუბრეთ იმაზე, რაზეც საჯარო სივრცეში დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ თბილისის მერიას არც ერთი საფუძვლით არ ჰქონდა უფლება, ერთი მილიონი ლარი გაეცა. თუ თბილისის მერია გადაუდებელი აუცილებლობით ნაკვეთის ჩამორთმევას მოახდენდა, მაშინ თავად თბილისის მერიის მიერ შედგენილი დასკვნით, მიწის ღირებულება 23 ათასი ლარი იყო. თბილისის მერიამ 50-ჯერ უფრო მეტი კომპენსაცია გასცა, ვიდრე ეს სამხარაულის ექსპერტიზის მიერ იყო დადგენილი“, -განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე დღეს, მთავარ საგამოძიებო ორგანოში საკუთარი მოთხოვნის საფუძველზე გამოიკითხა.

Comments
Loading...