აბორტთან ერთად, იძულებითი სტერილიზაციაც დასჯადი ხდება
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესაბამისად, აბორტის იძულებასთან ერთად, რომელსაც სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსი დანაშაულად განიხილავს, იძულებითი სტერილიზაციაც დასჯადი ხდება.
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც შესაბამის დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად, იძულებითი სტერილიზაციისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას განსაზღვრავს.
„იძულებითი სტერილიზაციის კრიმინალიზაცია ხდება, რაც დღეს ჩვენ არ გვაქვს კრიმინალიზებული. ამას გვთხოვს სტამბოლის კონვენცია და ქალის ან მამაკაცის უფლებები. თუკი იძულებითი სტერილიზაცია გვაქვს სახეზე, ეს უკვე დანაშაული იქნება“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
საქართველოს მთავრობამ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დღეს დაამტკიცა. პროექტი მთავრობის სხდომას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით კონვენციის დებულებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანაა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.