აჩუქა თუ არა კახა თარგამაძემ ბიძინა კუჭავას იარაღი, რომლითაც მან თავი მოიკლა

გაზეთი „პრაიმტაიმი“ პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულ ბიძინა კუჭავას შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, კახა თარგამაძესთან ახლო მეგობრობაზე წერს.

გამოცემა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ იარაღი, რომლითაც კუჭავამ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა, შესაძლოა, ყოფილი მინისტრის ნაჩუქარიც ყოფილიყო.
თავად კახა თარგამაძე გამოცემასთან საუბრისას კუჭავასთან ახლო მეგობრობას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ იგი 1996 წლის შემდეგ თვალით არ უნახავს.
„თქვენ ახლა ინტერვიუს რომ გაძლევთ, მეგობრები ვართ? ასეთივე ურთიერთობა მქონდა კუჭავასთან, როგორც ყველა სხვა ჟურნალისტთან. ბიძინა კუჭავა, ღმერთმა აცხონოს, 1996 წლის შემდეგ თვალითაც არ მინახავს. აღარ მქონია ურთიერთობა ჩემი მინისტრობის ბოლო წლებშიც. როგორც კი ჟურნალისტობას თავი დაანება, სხვა საქმიანობით იყო დაკავებული. არც მას გამოუთქვამს სურვილი.
გადაკვეთის წერტილიც კი არ გვქონია, გარდა მის ტელევიზიაში ერთხელ შეხვედრისა. კაბინეტში შევხვდი, სხვა ჟურნალისტებთან ერთად“,-განაცხადა თარგამაძემ და კითხვაზე, აჩუქა თუ არა მან კუჭავას იარაღი, ასე უპასუხა:
„ამდენი ფანტაზია რანაირად ყოფნის ამ ხალხს. ჩემს ცხოვრებაში იარაღი არავისთვის მიჩუქებია, გარდა ოფიციალური ღონისძიებისა.
ყოველთვის ვიცოდი, რომ იარაღის ჩუქება ცუდი ტონი იყო. ასეთი საჩუქარი არასდროს უნდა გაუკეთო ვინმეს, რადგან ის რა დროს გაისვრის, კაცმა არ იცის“, – აღნიშნა თარგამაძემ.
გამოცემა კი დაბეჯითებით ირწმუნება, რომ კახა თარგამაძის მინისტრობის დროს ერთ-ერთმა გამომცემელმა სწორედ კახა თარგამაძისგან მიიღო საჩუქრად იარაღი, სავარაუდოდ, „ბერეტა“, თანაც ტარების უფლებით.
„შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ არავისთვის არასოდეს მიუცია იარარი, ძირშივე სიცრუეა“,-წერს სტატიის ავტორი.
წყარო: Prime Time

Comments
Loading...