ადა მარშანია განმარტავს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ საკითხზე გაუგებრობა მოხდა

ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია აცხადებს, რომ პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით მისი განცხადება არასწორად იქნა აღქმული.

მარშანიამ რამდენიმე დღის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ საკითხზე უბრალოდ გაუგებრობა მოხდა.

მისი თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი ამ ეტაპზე, გადაწყვეტილი არ არის და ვერც იქნება.

“პარლამენტის ადგილსამყოფელი დაკავშირებულია კონსტიტუციასთან. ჩვენ თუ ვთანხმდებით და იდეაა, რომ კონსტიტუციის მეოთხე მუხლი გავაუქმოთ და ორპალატიანი პარლამენტი შევქმნათ, მაშინ, ლოგიკური და სწორი იქნება, რომ ერთ-ერთმა პალატამ ქუთაისში იმუშაოს, მეორემ – თბილისში”, – განაცხადა მარშანიამ.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, პარლამენტის თბილისში გადმოტანის საკითხზე შეთანხმება ნაწილობრივ მიღწეულია.

Comments
Loading...