ადამიანი, რომელსაც 24 სრულყოფილი პიროვნება აკონტროლებდა

უილიამ სტენლი(ბილი) მილიგანი 1955 წელს დაიბადა. ის ბავშვობიდანვე იტანჯებოდა ფსიქიკური აშლილობით. ბილი 6 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაშორდნენ და დედამისი სხვა კაცს გაჰყვა ცოლად. მალე გაირკვა, რომ მამინაცვალი ბილიზე ძალადობდა და სწორედ მაშინ დაეწყო ბილის იდენტურობის დისოციაციური აშლილობა (პიროვნების გაორება). 1975 წელს ის დააკავეს შეიარაღებული ძარცვის ბრალდებით, ხოლო 1977 წელს კი სამი ქალის გაუპატიურების ბრალდებით. სწორედ სასამართლო პროცესის დროს გაირკვა, რომ ბილი უიშვიათესი დაავადებით იტანჯებოდა, რადგან მის სხეულს არა ერთი, არამედ 24 სრულყოფილი პიროვნება აკონტროლებდა. სასამართლო პროცესის დროს ბილის ხშირად ეცვლებოდა მანერები, ლაპარაკის აქცენტი და ა.შ. ადვოკატმა შეძლო იმის დამტკიცება, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ამ 24 პიროვნებიდან ერთ-ერთი აკონტროლებდა ბილის გონებასა და სხეულს. ის დაპატიმრების ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს სამკურნალოდ. ფსიქიატრმა დენიელ კიზმა გამოავლინა ბილის ოცდაოთხივე პიროვნება და ისინი საკუთარ დღიურში აღწერა:

ბილი – თავდაპირველი პიროვნება, წარმოადგენს ძირითად ინდივიდუალურობას, აქვს სუიციდისკენ მიდრეკილება

არტური – 22 წლის, ინგლისელი, მეცნიერებათა და მედიცინის ექსპერტი. შეისწავლა არაბული და სუაჰილი. ლოგიკისა და დედუქციის მეთოდით გაარკვია, რომ ის ერთადერთი არ არის მილიგანის სხეულში და ცდილობს კავშირი დაამყაროს სხვა პიროვნებებთანაც. ის რეიჯენთან ერთად ცდილობს დაბლოკოს ბილის უარყოფითი პიროვნებები. რეიჯენთან ერთად დააწესა ქცევის წესები “ოჯახის წევრებისთვის”

რეიჯენ ვადასკოვიჩი – 23 წლის, იუგოსლავიელი. ლაპარაკობს სლავური აქცენტით, საუბრობს და წერს სერბულ ენაზე. დალტონიკი, კომუნისტი, შეიარაღებისა და ფიზიკური მომზადების ექსპერტი. ზრუნავს ბილის ფიზიკურ ფორმაზე. არტურთან ერთად ცდილობს უარყოფითი პიროვნებების დაბლოკვას

ალენი – 18 წლის, თაღლითი, მანიპულატორი, აქვს ხატვისა და დაკვრის ნიჭი. ერთადერთია სხვა პიროვნებებს შორის, რომელიც სიგარეტს ეწევა და არ არის ცაცია.

ტომი – 16 წლის, ელექტრონიკის და მექანიზმების ექსპერტი. ისწავლა კუნთებისა და სახსრების მართვა იმ დონემდე, რომ შეუძლია ხელბორკილებისგან 2 წამში გათავისუფლდეს. უკრავს საქსოფონზე

დენი – შეშინებული 14 წლის ბიჭი. ეშინია ადამიანების, განსაკუთრებით კაცების. ხატავს ნატიურმორტებს

დევიდი – 8 წლის ბიჭი, ცდილობს სხვა პიროვნებების ტკივილი საკუთარ თავზე იტვირთოს

კრისტინი – 3 წლის ინგლისელი გოგონა, ერთ-ერთი პირველი პიროვნება, რომელიც გაჩნდა ბილის გონებაში. რეიჯენი და არტური მასზე ზრუნავენ და ცდილობენ დაიცვან ის სხვა პიროვნებებისგან.

კრისტოფერი – კრისტინის 13 წლის ძმა. უკრავს ჰარმონიკაზე

ადალანა – 19 წლის გოგონა. აქტიური ლესბოსელი, სწორედ ის მართავდა ბილის სხეულს გაუპატიურებების დროს. არტურმა და რეიჯენმა თავიდანვე იცოდნენ მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არ ელოდნენ, რომ ის ძალადობას გაბედავდა. არტურის მიერ გამოცხადდა არასასურველ პიროვნებად

შემდეგი 13 პიროვნება ადალანასთან ერთად გამოცხადდა არასასურველად არტურისა და რეიჯენის მიერ მათი ბოროტმოქმედებისა და ასოციალური ქცევების გამო:

ფილი – ბრუკლინელი გამოკვეთილი აქცენტით. კრიმინალური ელემენტი, ვაჭრობდა ნარკოტიკებით

კევინი – ფილის მეგობარი, სწორედ მან დაგეგმა 1975 წელს ჩადენილი შეიარაღებული ძარცვა. ბილის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოთავსების შემდეგ მან გამოსწორება დაიწყო და მალე სასურველი პიროვნებების სიაში გადავიდა

უოლტერი – ავსტრალიელი, უყვარს ნადირობა. აქვს საჭირო გზების პოვნის იდეალური უნარი. არის ზედმეტად სასტიკი.

ეიპრილი – შავკანიანი გოგონა, აქვს ბოსტონური აქცენტი. ცდილობდა დაერწმუნებინა რეიჯენი ბილის მამინაცვლის მკვლელობის აუცილებლობაში

სამუელი – მორწმუნე ებრაელი, ყიდის ყველაფერს რაც ხელში ჩაუვარდება. ერთადერთია “ოჯახში”, რომელსაც ღმერთის სწამს

მარკი – ყველაზე უემოციო პიროვნება, აკეთებს ყველაფერს, რასაც სხვა პიროვნებები უბრძანებენ. ძალიან იშვიათად ლაპარაკობს

ლი – ხუმარა და მხიარული. ზოგჯერ მისი ხუმრობები ზედმეტად საშიში ხდებოდა “ოჯახისთვის”. არასასურველად გამოცხადება ეწყინა და გაქრა

სტივი – პაროდისტი, რომელმაც ლი ჩაანაცვლა. დასცინოდა არტურს და რეიჯენს, რითიც მათ გაცოფებას იწვევდა.

ჯეისონი – განტვირთვის სპეციალისტი, რომელიც სხვა პიროვნებების უარყოფით ენერგიას ფიზიკურად გარდაქმნის და თავისუფლდება მისგან

ბობი – უსაქმური მეოცნებე. როცა სხვა პიროვნებებმა მის მსახიობის კარიერას წერტილი დაუსვეს შიმშილობა გამოაცხადა

შონი – გონებასუსტი და ყრუ პატარა ბიჭი, რომელიც სრულიად უსარგებლოა “ოჯახისთვის”

მარტინი – სნობი და მამლაყინწა ნიუ-იორკელი. ფიქრობს, რომ ყველა სხვა პიროვნებას აღემატება

ტიმოთი – ვაჭრობდა ყვავილებით, აქვს ჰომოსექსუალობის და მაზოხიზმის მიდრეკილება

ფსიქიატრმა გამოავლინა კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც ყველას აღემატებოდა და შეეძლო ყოველი სხვა პიროვნების აზრების წაკითხვა. მას “მასწავლებელი” დაერქვა.

ბილი 1988 წელს გაათავისუფლეს 10 წლიანი ინტენსიური მკურნალობის შემდეგ. ის სრულიად განიკურნა და ანონიმურად არჩია ცხოვრების გაგრძელება. 2014 წლის 16 დეკემბერს ბილი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

Comments
Loading...