„ადამიანს გავდა, როგორც ფოსფორი, ისე ანათებდა თვალები“- შემთხვევა ლაგოდეხში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურგენიანში გამთენიისას, ერთ-ერთ ოჯახში ფანჯრის მინა ჩაიმსხვრა. როგორც რადიო „ჰერეთს“ ჯანაშვილების ოჯახში განუცხადეს, როდესაც გაიღვიძეს, ოთახში დამტვრეული თეფში და კედელზე რამდენიმე ადგილზე ჩამოხეული შპალერი დახვდათ.

„ჰერეთის“ ინფორმაციით, ტარიელ ჯანაშვილი ამბობს, რომ მან და მისმა მეუღლემ ადამიანის მსგავსი სილუეტი დაინახეს, რომელსაც თვალები უნათებდა.

„ადამიანს გავდა, ოღონდ მოცულობით ცოტა დიდი იყო და როგორც ფოსფორი, ისე ანათებდა თვალები. კედელზე ნაჩხაპნებია. ფანჯარაშია ნასროლი თეფში და ჩამტვრეულია. თეთრი სილუეტი გავიდა ოთახიდან. ჩემმა შვილმაც დაინახა. პოლიცია გამოიძახა ჩემმა შვილმა, ოქმი შეადგინეს. პოლიციამ კვალი ვერ აიღო ვერაფერზე, არაფერი ნაკვალევი არ ჩანსო“, – განუცხადა ჯანაშვილმა რადიო „ჰერეთს“.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. უწყებაში განმარტავენ, რომ ჯანაშვილების ოჯახიდან გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა ოჯახის წევრების მონათხრობი არ დადასტურდა.

Comments
Loading...