“ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად დაიშლება”- კალაძე შიდა დაპირისპირებას ეხმაურება

“რესპუბლიკელებსა” და “მრეწველებს” შორის არსებულ დაპირისპირებას ვიცე პრემიერი გამოეხმაურა. კახა კალაძის შეფასებით, ძალიან ცუდია, რომ დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანა ხდება და თუ რაიმე პრობლემები არსებობს, ის კოალიციის შიგნით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა გადაწყდეს. პოლიტსაბჭოს სხდომა კი, კალაძის თქმით უახლოეს დღეებში გაიმართება. კალაძე ასევე ამბობს, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” საპარლამენტო არჩევნებზე იმავე შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის.

“ადრე თუ გვიან, ალბათ კოალიცია აუცილებლად დაიშლება. ამაში ტრაგედია არაფერია. პოლიტიკა არის დინამიკური პროცესი და შესაძლებელია, ერთ დღეს ეს ასეც მოხდეს, თუმცა უახლოეს მომავალში ამას ვერ ვხედავ და ვფიქრობ, კოალიცია არჩევნებზე წარსდგება ისევ იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც დღეს არის, თუმცა არჩევნებამდე ძალიან ბევრი დროა და მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ”, – განაცხადა კალაძემ.

Comments
Loading...