ადვოკატი: ხარძიანის ოჯახს თავიდანვე ჰქონდა ინფორმაცია ორივე ბრალდებულის შესახებ

ბიზნესმენ ბესო ხარძიანის ოჯახის ადვოკატისთვის სიახლე არ ყოფილა ის ინფორმაცია, რომელიც მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ მთავარ პროკურატურაში გასაჯაროვდა.

როგორც ადვოკატი მალხაზ სალაყაია აცხადებს, ხარძიანის ოჯახის წევრებს თავიდანვე ჰქონდათ ინფორმაცია ორივე ბრალდებულის შესახებ.

„ის პირები არიან დასახელებული, რომელიც თავიდანვე გაცხადდა ოჯახის წევრებთან, რომელთა დახმარებითაც მოხდა ამ პირების იდენტიფიცირება და ყველა ის საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიება, რომელიც იქნა გატარებული აღნიშნული დანაშაულის გახსნასთან დაკავშირებით, სწორედ ამ ხსნის განმავლობაში ეს მტკიცებულებები იკრიბებოდა და დღეს ჩათვალა მიზანშეწონილად პროკურატურამ, ეს განცხადება გაეკეთებინა“, – განაცხადა ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა.

რაც შეეხება მკვლელობის მოტივსა და შემკვეთს, ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე პროკურატურა დღეს ვერაფერს იტყოდა, რადგან საგამოძიებო უწყება ამ მიმართულებით მუშაობას დღესაც აგრძელებს.

„დამკვეთზე და მოტივზე პროკურატურა დღეს ვერ იტყოდა, საგამოძიებო უწყება აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ყველა მიმართულებით მუშაობას და ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებასაც“,- განაცხადა სალაყაიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2015 წლის 28 მარტს მომხდარი, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურატურისა და შს სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ხარძიანის მკვლელობაში მხილებული არიან: უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 04 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი.

Leave A Reply

Your email address will not be published.