ადვოკატი: კუჭავას ხელისუფლების წარმომადგენლების მობილურის და სახლის ნომრებიც ეწერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძინა კუჭავას ადვოკატი ვარაუდობს, რომ ქირიასა და კუჭავას გარდაცვალების საქმე წინასწარ დადგმული სპექტაკლია.

ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ქირია, ასევე, კუჭავა სახლიდან გამიზნულად არიან გაყვანილები, თუმცა ვის ინტერესებშია ეს ყველაფერი, ადვოკატი ვერ საუბრობს.

როგორც კორკოტაძე აცხადებს, ბევრ კითხვას დღეს პასუხი გაეცემა პროკურატურაში, სადაც ოჯახი ადვოკატებთან და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილთან ერთად 14:00 საათზე მივა.

მისი თქმით, დღეს გაირკვევა, თუ რა სტატუსი აქვს კუჭავას ოჯახს. კუჭავა არის ცნობილი დაზარალებულად, თუ ბრალდებულად.

ასევე, ადვოკატმა გაიხსენა გუშინდელი შეხვედრა დავით პოპოვთან, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ავტომანქანაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც კუჭავამ თავი მოიკლა.

მისივე თქმით, პოპოვი გაგზავნილი იყო სუს-ის მიერ, რადგან მათ უნდოდათ, სიტუაცია ისე გამოკვეთილიყო, თითქოს ის ზეწოლას ახდენდა მოწმე პოპოვზე.

„პოპოვი დაუკავშირდა კუჭავას ოჯახს და მოითხოვა ადვოკატებთან შეხვედრა. შემდეგ, მე დავურეკე მას და რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ვთანხმდებოდით, თუ სად და რომელ საათზე უნდა შევხვედროდით.

ბოლოს, დამირეკა და მითხრა, რომ საბურთალოზე იყო და ის შეხვდებოდა დიღომში, მაიაკოვსკის ძეგლთან რამდენიმე საათში.

მე გამიჩნდა ეჭვი, რადგან საბურთალო ახსენა, რომ შესაძლებელია ყოფილიყო სუს-ის შენობაში. როდესაც მოვიდა ძეგლთან, ვიმყოფებოდით იქ მე, ასევე, კიდევ ერთი ადვოკატი გია გოროზია. პოპოვმა გვითხრა, რატომ დამიბარეთო. მე ვუთხარი, თქვენ გინდოდათ ჩვენთან შეხვედრათქო. უცებ შევამჩნიეთ შნური, რომელიც პალტოზე ჰქონდა დამაგრებული და ვუთხარი, რომ გაშიფრული ხარ, იწერ ამ ყველაფერსთქო, პერანგის ღილზეც ჩანდა მიმაგრებული ვიდეოთვალი.

ვარაუდი მაქვს, რომ მათ უნდოდათ, მე დამესვა კითხვები და ალბათ, მივიდოდა სუს-ის განყოფილებაში და შემდეგ გამოიკვეთებოდა ისე, რომ მე ზეწოლას ვახდენდი მოწმეზე და აღიძვრებოდა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე“, – განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, ადვოკატის განცხადებით, ადვილი გასარკვევია, იმყოფებოდა თუ არა 13 იანვარს, ძველით ახალ წელს კუჭავა სახლში, რადგან საგამოძიებო უწყებას შეუძლია, ანძის მეშვეობით, დაადგინოს, თუ სად იმყოფებოდა იმ პერიოდში კუჭავა.

ამასთან, როგორც ადვოკატი აცხადებს, კუჭავას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

„მას ეწერა ბლოკნოტში არა მარტო მობილურის ნომრები ხელისუფლების წარმომადგენლების, არამედ, სახლის ნომრებიც. კუჭავას მეუღლე როგორც ამბობს, ბიძინას ხელისუფლების წარმომადგენელებთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა“, – განაცხადა ადვოკატმა.

თუ კუჭავას ბრალდებული სტატუსი აქვს, ამ შემთხვევაში ადვოკატს მომზადებული აქვს შუამდგომლობები. ის საქმის მასალების გამოთხოვას აპირებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული მისივე ნათესავი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავის მხრივ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თვითმკვლელობის საქმეს პროკურატურა იძიებს. კუჭავას ოჯახს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და აცხადებს, რომ გამოძიების ვერსია ალოგიკურია.

Leave A Reply

Your email address will not be published.