ადვოკატი – მაია რჩეულიშვილი წინააღმდეგია სასამართლო პროცესები საავადმყოფოში ჩატარდეს

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი წინააღმდეგია, სასამართლო პროცესები სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდეს. ამის შესახებ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, რომელზეც უნდა გადაწყდეს, ჩატარდება თუ არა “ცენტრ პოინტის” საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე სხდომები საავადმყოფოში.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ პროცესი იქამდე გადაიდოს, ვიდრე მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, რათა ბრალდებულმა საპროცესო მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა.

“ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ექიმის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმი არ უწევს რეკომენდაციას, რომ პროცესი პალატაში ჩატარდეს. ასევე წარმოდგენილი გვაქვს მაია რჩეულიშვილის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ სურს სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, თუმცა წინააღმდეგია რომ პროცესები მასთან პალატაში ჩატარდეს, ვინაიდან ამით მოხდება მისი, როგორც მორალური, ისე ფსიქოლოგიური განადგურება. ამიტომ ის თხოვს სასამართლოს პროცესის გადადებას, სანამ თავად არ შეძლებს სასამართლოში მოსვლას და საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებას. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მის თხოვნას არ გაიზიარებს, მაია რჩეულიშვილი იძულებული იქნება უარი თქვას საკუთარ უფლებაზე და აღარ მიიღოს მონაწილეობა სასამართლო სხდომებში, ამით კი ბრალდებულის უფლება დაირღვევა”, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალდება და პროცესის სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას ითხოვს. პროკურორების აზრით, ადვოკატებისა და ბრალდებულის აღნიშნული პოზიცია პროცესების გაჭიანურებას ემსახურება.

ინტერპრესნიუსი

Leave A Reply

Your email address will not be published.