ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურას გიორგი მამალაძესთან კითხვები შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებითაც ჰქონდა.

როგორც ადვოკატმა დაკითხვის შუალედური შესვენებისას განმარტა, დაკითხვა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს და დეკანოზის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის.

“დაკითხვა პროცედურულად შეჩერდა იმიტომ, რომ ოთხი საათის შემდეგ, შესვენება უნდა გამოცხადდეს. ამის შემდეგ, კვლავ გაგრძელდება ჩვენების მიცემა. ამ ეტაპისთვის დაკითხვა ნორმალურ გარემოში მიმდინარეობს. დაცვის მხარეს რა ღონისძიებებიც გვქონდა დაგეგმილი, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. კიდევ გავიმეორებ, რომ მამა გიორგის ჩვენება ბრალის შინაარსობრივ მხარეს მთლიანად შეცვლის. დიდი ალბათობით, მისი ბრალეულობა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. მამა გიორგი მამალაძემ რამდენიმე სახელი და გვარი დაასახელა. შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით კითხვები იყო დასმული, თუმცა რა ფორმით იყო დასმული, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ადვოკატმა.

ფანცულაიას თქმით, დაკითხვის მეორე ნაწილში, მამა გიორგი პასუხს გასცემს პროკურატურის კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა ციანიდი მის ჩანთაში.

ადვოკატის პირადი პოზიციით, მამა გიორგის ბრალეულობა ჩვენების შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„დაკითხვის მეორე ნაწილში, ზუსტად იმ საკითხზე იქნება საუბარი, თუ როგორ აღმოჩნდა მამა გიორგის ჩანთაში ციანიდი. მე, როგორც იურისტი ვფიქრობ, რომ მამა გიორგის ბრალეულობა დაკითხვის შემდეგ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ჩემი პირადი პოზიიციით კი, ბრალეულობისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 11:00 საათიდან მიმდინარეობს.

Comments
Loading...