ახალი პარტია – „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარებისთვის“ ასპარეზზე გამოდის

ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი, ახალი პოლიტიკური პარტია გამოჩნდება. როგორც „ჯი-ეიჩ-ენისთვის“ გახდა ცნობილი, პაატა ბურჭულაძემ და ვანო მაჭავარიანმა ფონდი დააარსეს, რომელიც უახლოეს 2 თვეში პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბდება.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი, 2015 წლის 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამავე მონაცემებით, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმდჯომარეა პაატა ბურჭულაძე. წევრები არიან: ივანე მაჭავარიანი, მერაბ ტყეშელაშვილი, ირაკლი გურჩიანი. ივანე მაჭავარიანი ასევე იკავებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

ირაკლი გურჩიანი “ტოიოტა ცენტრი თბილისის” დამფუძნებელია, ხოლო მერაბ ტყეშელაშვილიც ასევე ბიზნესმენია.

„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, პარტიაში იქნებიან გიორგი რუხაძე, რომელიც “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” საერთაშორისო მდივანი იყო, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი.

ამ დროისთვის დასახელებული პირები კომენტარებისგან თავს იკავებენ, თუმცა ცოტა ხნის წინ საგაზეთო ინტერვიუში პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოსვლა არ გამორიცხა.

ბურჭულაძემ განაცხადა, რომ გამსახურდიათი დაწყებული, მას პოლიტიკაში მოსვლას ყველა ლიდერი სთავაზობდა, მაგრამ იგი არ დათანხმებულა. თუმცა, ამავე ინტერვიუში ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ მომავალში სხვაგვარად მოიქცეს.

“თუ საჭირო იქნება და ვიგრძნობ, რომ სხვა ამპლუაში ვჭირდები ჩემს ქვეყანას, აუცილებლად გადავდგამ ამ ნაბიჯს,”– ამბობს ინტერვიუში ბურჭულაძე.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას პატრიარქის ლოცვა–კურთხევის გარეშე არ მიიღებს.

Comments
Loading...