ახალი სკანდალური განცხადებები ელისო კილაძესგან (ვიდეო)

15 იანვარს, 13.00 საათზე, მედია- ჰოლდინგ „ქრონიკა პლუსი“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ჟურნალისტებისთვის საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც სკანდალური განცხადებით გამოვიდა.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს :

„ინფორმაცია, რომელსაც ახლა პირველად ვაჟღერებ ჟურნალისტების წინაშე არის სრულიად რეალური. მე პასუხს ვაგებ ჩემს ყველა გამონათქვამზე და სიტყვაზე. საქართველოს მთავრობაში არის მარგინალური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სახელმწიფო უნდა იმართოს შანტაჟით და ადამიანების პირადი ცხოვრების მანიპულაციის გზით. ხსენებული ჯგუფის შემადგენლობაში შედის მინისტრის ორი მოადგილე. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილე იოსებ გოგაშვილი, მეორე – დიასფორის მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე. ჯგუფის დანარჩენი წევრები არიან „ასავალ- დასავალის“ ჟურნალისტი პაატა დავითაია, საინფორმაციო სააგენტო „მარშალ-პრესის“ ხელმძღვანელი ოთარ სტეფანიშვილი ( იგი ლევან მამალაძის ახლო ნათესავია) და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ თავმჯდომარე ლადო სადღობელაშვილი. სწორედ ეს უკანასკნელი ფინანსდებოდა სანდრო ბრეგაძის მეშვეობით 15 ათასი დოლარით ყოველ თვე, სანამ ბიძინა ივანიშვილმა არ მოითხოვა დაფინანსების შეწყვეტა. სამაგიეროდ, „მარშალ-პრესის“ დაფინანსება ყოვეთვიური 5 ათასი დოლარით გრძელდება. ეს ჯგუფი სისტემატურად იკრიბება ვაშლიჯვარში სანდრო ბრეგაძის კუთვნილ რესტორანში და ერთი კვირის წინ გამართულ ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უნდა მოხდეს შეწყალების კომისიის მოქმედი და ყოფილი ხელმძღვანელების – ალეკო ელისაშვილის და ზვად ქორიძის დისკრედიტაცია.

მე ხელთ მაქვს სქემა, თუ ვინ ფინანსდებოდა ამ მიზნით „სუსი“- სგან, მაგრამ ამ ეტაპზე დუმილს ვამჯობინებ. გავახმოვანებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას – ჯგუფის მიერ იგეგმება სამეგრელოს რეგიონში ზვიადისტებისგან ე.წ. წინააღმდეგობის ჯგუფების შექმნა. სანდრო ბრეგაძე ამისათვის სპეცსახსრებიდან თვეში 30 ათას დოლარის გამოყოფას ითხოვს. ეს არის ძალიან სახიფათო გზა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიმავალი. ხელისუფლების ეს ნაწილი ფიქრობს, რომ არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში სწორედ ზვიადისტებს გამოიყენებენ სიტუაციის ასარევად.

მე მივმართავ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს – ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! მან აუცილებლად უნდა შეისწავლოს ამ ჯგუფის საქმიანობა და საქართველოს ხელისუფლება მათ უნდა გაემიჯნოს.

ხაზგასმით ვაცხადებ იმ ხალხის მისამართით, რომლებიც ჩემზე გაუგონარი სიბინძურეების ტირაჟირებით არიან დაკავებულნი. მე მათი არ მეშინია. ბუნებაში არ არსებობს კომპრომატი, რომელსაც ჩემზე გამოაქვეყნებენ.

სხვათაშორის, ამ ჯგუფის ერთ-ერთი პროვოკაცია იყო ის, რომ ამ ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა „ქრონიკა პლუსი“-ს რედაქციაში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირით. ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, რომელიც, როგორც ვიცი, ძალიან მალე დასრულდება. ამის შემდეგ მე ჟურნალისტებს დოკუმენტურ მტკიცებულებს ვაჩვენებ, თუ ვინ იყო ეს პიროვნება.

ვგეგმავ შეხვედრებს დიპკორპუსის წარმომადგენლებთან. არსებობს კიდევ ლევან მამალაძის ხაზი, რომელიც უკავშირდება ამ ჯგუფის საქმიანობას. ეს არის დიპლომატიური კორპუსის პრეროგატივა. მე არ შემიძლია ვილაპარაკო სხვა სქემის დეტალებზე, ვინაიდან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. კერძოდ, იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებიც მიდიან შანტაჟის გზით თუ ერთხელ და საბოლოოდ ჩავუკეტავთ მათ გზას“ .ge

mediacity.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.