ალასანიას პარტია ეშლება – რა ხდება „თავისუფალ დემოკრატებში“?

[ლევან ქართველიშვილი]

ბოლო მომენტამდე (ვიდრე თავდაცვის მინისტრობიდან არ მოხსნეს), ოლიგარქ ივანიშვილის ხავსს ჩაჭიდებულ ირაკლი ალასანიას პარტიაში, შესაძლოა, შეუქცევადი „ეროზია“ დაიწყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის რომ ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ ყველაფრის ექსპერტმა, ზურაბ აბაშიძემ და მარადიულმა „გაიშნიკმა“, გია ცაგარეიშვილმა დატოვონ.

სავარაუდოდ, აბაშიძე-ცაგარეიშვილის დუეტი, ჯერჯერობით გაურკვეველი პოლიტიკური მომავლის მქონე „ტროიკას“ – ჯაფარიძე-კუბლაშვილ-ხაჩიძის გუნდს შეუერთდება.

ალასანიასთან პრობლემები აქვს ვიქტორ დოლიძესაც. დოლიძე, რომელმაც წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გაბითურების მასტერკლასი ჩაატარა, იმ „ოქროს ხანას“ ვერ ივიწყებს, როდესაც „ბატონი ბიძინას“ პოლიტიკური კალთის ქვეშ ნებივრობდა.

რაც შეეხება პოლიტიკურ „ნარცისს“, ირაკლი ალასანიას, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ოპონენტ ნაციონალურ მოძრაობას 9 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობას აბრალებდა, ექსპერტთა აზრით, „თავისუფალი დმეოკრატებიდან“ თუნდაც ყველაზე ოდიოზური ცაგარეიშვილის გასვლითაც კი, მისი ისედაც არასახარბიელო რეიტინგი კიდევ უფრო ქვევით დაეშვება.

„ხალიანის“ ახლო წარსული…

ცხადია, არსებობს ვარაუდი, რომ ირაკლი ალასანიას პარტიის მარტივ-მამრავლებად დაშლას ივანიშვილი ცდილობს. თუმცა, იყო დრო, როცა ოლიგარქის სამარცხვინო დავალებებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი მორჩილად ასრულებდა.

მაგალითად: ალასანიამ 2008 წლის ომის გმირი გენერალი, გიორგი კალანდაძე ლამის თავისი კაბინეტის უნიტაზთან მალულად და მოტყუებით დააჭერინა.

გაეროში რუსეთის ოდიოზური ელჩის, ვიტალი ჩურკინის მეგობარი ალასანია ყოველგვარი დასაბუთების, ფაქტებისა თუ გამოძიების გარეშე ბაჩო ახალაიას სხვადასხვა მძიმე ბრალდებებში ადანაშაულებდა, რომლის დიდი ნაწილი, ივანიშვილის სასამართლომაც კი ვერ დაადასტურა.

პოლიტიკური გაუბადაობით ცნობილი ლიდერი, მხოლოდ მას შემდეგ დაუპირისპირდა ივანიშვილის ხელისუფლებას, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა, თავდაცვის მინისტრობიდან საჯარო შეურაცხყოფის კვალდაკვალ მოხსნა. მანამდე კი, თანამშრომლები დაუჭირა.

მოგვიანებით, ირაკლი ალასანიამ „აღმოაჩინა“ რომ სასამართლოს ხელისუფლება მართავს…

რომ პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს აწარმოებს, პრემიერ ღარიბაშვილს კი, სინამდვილეში ოლიგარქი ივანიშვილი კურირებს კულუარებიდან.

არადა, როცა თავდაცვის მინისტრი იყო, ბატონი ალასანია კატეგორიულად უარყოფდა საქართველოში პოლიტ-პატიმრების არსებობას, ქვეყნის არაოფიციალურ მმართველობასა თუ ხელისუფლების ორმაგ სტანდარტს.

რეიტინგები და მოლოდინები

მიუხედავად ოპოზიციაში გადასვლისა, NDI-ს ბოლო კვლევებმა აჩვენა რომ ალასანიამ ჯერჯერობით ამომრჩევლის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. მის პოლიტიკურ ძალას, ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, მხოლოდ 5 პროცენტიანი რეიტინგი აქვს, რაც შესაძლოა, პარტიის „ეროზიის“ შემდეგ გაცილებით გაუარესდეს.

თუმცა, ბატონი ალასანია, თავის 5 პროცენტიან რეიტინგს არ იმჩნევს და რიხით და საჯაროდ ემიჯნება ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალას – ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

მისი აზრით, მომავალ 2016 წლის არჩევნებში სწორედ თავისუფალი დემოკრატები“ აიღებენ ხელისუფლებას.

თუმცა, როგორ აპირებს არჩევნების მოგებასა და ხელისუფლებაში მოსვლას ალასანია მაშინ, როცა პარტია ეშლება, ეს მხოლოდ მან და მისმა მეგობარმა, ვიტალი ჩურკინმა თუ უწყის.

Comments
Loading...