ალეკო ელისაშვილი: დავით ნარმანიას ცხოვრებაში ბოლო რჩევას ვაძლევ

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინდელი ინციდენტის გამო, საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს.

ელისაშვილის თქმით, ნარმანიამ ბოდიში არა მხოლოდ აღნიშნული ფაქტის გამო უნდა მოიხადოს.

„უბრალოდ, უხერხულია ნარმანიას თბილისის მერის თანამდებობაზე დარჩენა. ადამიანი, რომელიც ორი წელი ვერაფერს აკეთებდა, ამას კიდევ ვითმენდით, ინერციით მიდიოდა ქალაქი და გუშინ საკუთარ კაბინეტში გაყოყოჩებული, მაამებლებით გარშემორტყმული ძველ ბიჭადაც და უზრდელადაც მოგვევლინა.

ამდენად, ყველაფერთან ერთად, არის უზრდელიც და დავით ნარმანიას ცხოვრებაში ბოლო რჩევას ვაძლევ, რომ თავისი ნებით დატოვოს თანამდებობა.

ბოდიში უნდა მოუხადოს ყველას, გუშინდელის გამოც და იმის გამოც, წლის განმავლობაში 2 მილიარდი სად დახარჯა, კაციშვილმა რომ არ იცის და ქალაქში ისევ ორმოებია“, – აცხადებს ელისაშვილი.

თბილისის მერიაში, გუშინ, გამწვანების რეგულაციების საკითხზე შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით  – „მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია, მაიმუნი ვირიშვილი ეს“.

Comments
Loading...