ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში ხელისუფლების წევრთა მხრიდან კორუფციის ფაქტებზე საუბრობს

უკვე ერთი საათია საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფება საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, რიმელიც მმართველი გუნდის წევრების ფინანსურ დაინტერესებასა და კორუფციაზე საუბრობს.

პროკურატურაში მისი დაბარების მიზეზი პატიმართა შეწყალებას და მათი გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევას ეხება.

საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მან ამ საკითხზე ინფორმაცია მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მიაწოდა.

„ვუთხარი მათ იმ ხალხის სახელები და გვარები, ვინც ფულს იღებდა, ვინც იხდიდა, ვისშიც ფულს იხდიდნენ და ყური არ შეიბერტყა ბატონმა ბადაშვილმა.

არ გაინტერესებთ მოძებნოთ გიორგი ბადაშვილი? რომელიც უზარმაზარ ხელფასებს და პრემიებს იღებდა ზუსტად იმაში, რაც არ გააკეთა,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საქმეზე ქართული ოცნების გავლენიან პოლიტიკოსებზეა საუბარი. დეტალებზე ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან არ საუბრობს. მისი თქმით, ყველაფერს იტყვის პროკურატურაში. საკრებულოს დეპუტატის განმარტებით, დღეს კიდევ ერთმა პირმა, რომელიც ასევე იყო ინფორმირებული იყო ამ თემაზე, დაადასტურა, რომ ისიც მისცემს ჩვენებას საგამოძიებო ორგანოს.

„ჩემზე ზეწოლის მცდელობა იყო და ძალიან არა ჯანსაღი ინტერსი იყო იმ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. საუბარი იყო წინასწარ აღებულ 200 ათას დოლარზე და დაპირებულ მილიონ ნახევარ დოლარზე კონკრეტული პატიმრების გასვლის სანაცვლოდ,“ – განმარტა ალეკო ელისაშვილმა.

მთავარ პროკურატურაშია დაბარებული შეწყალების კომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზვიად ქორიძეც.

ავტორი: ეკა გაგუა

Comments
Loading...