ალეკო ელისაშვილი – თედო კობახიძემ სამარცხვინო რამ მოიფიქრა, თითქოს ახლა მოუნდა შვებულებაში გასვლა

თედო კობახიძემ სამარცხვინო რამ მოიფიქრა, თითქოს ახლა მოუნდა შვებულებაში გასვლა. ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე, როდესაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხუთმა თანამშრომელმა ახსნა-განმარტება დაწერა, თავმჯდომარემ საყვედური ისევ ამ თანამშრომლებს გამოუცხადა.

„საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ახსნა-განმარტება თედო კობახიძის სამდივნოს ყოფილ ხელმძღვანელს ქეთი ტურაზაშვილს ჰქონდა, სადაც პირდაპირ არის საუბარი, რომ თედო კობახიძე თანამშრომლებზე ზეწოლას აიძულებდა, რომ ძველი თანამშრომლები გაეშვა. ამაზე რეაგირება არ მომხდარა. ამის შემდეგ ახსნა-განმარტება აქვს დაწერილი საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე საკრებულოს ხუთ თანამშრომელს, საკრებულოს თავმჯდომარემ საყვედური გამოუცხადა ამ ადამიანებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, საკრებულო სხვა პრობლემებს უნდა განიხილავდეს და საკრებულოს დეპუტატები სხვა მიზნით არიან არჩეულები.
„ჩვენ სხვა რაღაცებისთვის ვართ არჩეულები, სხვა რაღაცებზე უნდა ვმუშაობდეთ და დროს ვკარგავდეთ ქალაქის პრობლემებზე. რას ვიღებთ, რომ ერთი თანამდებობის პირი ჩაგრავს საკუთარ თანამშრომლებს, ეს ჩაგვრა თუ მას გაუვა, მთლიანად მოიშლება საკრებულო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, სხდომაზე უმრავლესობა უნდა მოსულიყო და პირველ რიგში უნდა მოსულიყო თედო კობახიძე.
„უნდა მოსულიყო უმრავლესობა და პირველ რიგში უნდა მოსულიყო თედო კობახიძე. განემარტა ვითარება, სადღაც შორიდან კი არ უნდა შემოგვძახოს, რომ შეთქმულებებს ვუწყობთ. ეს ვითარება ბოლომდე უნდა გარკვეულიყო, მაგრამ ამის მაგივრად სამარცხვინო რამ მოიფიქრა, თითქოს ახლა მოუნდა შვებულებაში გასვლა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იურიდიული კომისიის 5 თანამშრომელი კომისიის თავმჯდომარეს თედო კობახიძეს ზეწოლაში ადანაშაულებს. აღნიშნულმა თანამშრომლებმა ნოემბერში წერილობით მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს. გიორგი ალიბეგაშვილმა ამ ფაქტის შესახებ ”ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარეს რიმა ბერაძეს აცნობა. საკრებულოს ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატებმა თედო კობახიძისთვის თანამდებობრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხი 20 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დააყენეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...