ალეპოში დაზარალებულების დახმარება საქართველოდან შესაძლებელი გახდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ გახსნა ანგარიში, სადაც ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს სირიის ქალაქ ალეპოში დაზარალებულთა დასახმარებლად თანხა ჩარიცხოს.

ამის შესახებ პირველს საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციაში განუცხადეს.
“ნებისმიერ მსურველს, საშუალება აქვს თანხა ჩარიცხოს, ჩვენ ამ თანხებს სირიის ადგილობრივ ორგანიზაციას, წითელ ნახევარმთვარეს გადავუგზავნით, რომელიც ალეპოში დაზარალებულ თუ დაშავებულ მოსახლეობას მოხმარდება”, – აცხადებენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში.
ონლაინ დონაციის განხორციელება ამ ბმულის მეშვეობითაა შესაძლებელი: https://www.ammado.com/community/191580
აღმოსავლეთ ალეპოდან ხალხის ევაკუაცია დროებით შეწყვეტილია. დამასკოს მტკიცებით, ამბოხებულები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებს არ ასრულებენ.

გაერო-ს მონაცემებით, აღმოსავლეთ ალეპოში კიდევ 50 ათასამდე ადამიანია დარჩენილი. სამოქალაქო პირების გადაყვანა ქალაქის დასავლეთ ნაწილში იგეგმება, ამბოხებულებისა და მათი ოჯახების წევრების – იდლიბის პროვინციაში, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს.

აღმოსავლეთ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და ამბოხებულების ევაკუაცია 15 დეკემბერს დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ევაკუაციის პირველი დღის განმავლობაში, ალეპოდან ცხრა ავტოკოლონით 6462 ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის 3000 მებრძოლი და 40-მდე დაჭრილი.
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში დაიწყო, როდესაც სირიის ქალაქ დერააში კედლებზე ანტისახელისუფლო ლოზუნგები გამოჩნდა. პოლიციამ ოპოზიციის აქტივისტები დააკავა და ციხეში სასტიკად სცემა, რის პასუხადაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სამთავრობო დაწესებულებების დარბევა დაიწყეს.
სამთავრობო ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ბაშარ ასადის რეჟიმის რღვევა. ტრაგიკულ ინციდენტს სირიის დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. თურქეთში გაქცეულმა სირიელმა გენერლებმა “სირიის თავისუფალი არმია” შექმნეს, რითაც სირიაში სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო. არაოფიციალური მონაცემებით, კონფილიქტმა, 200 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 10 მილიონამდე კი, ლტოლვილი გახდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.