ალექსანდრე მაკედონელი – ისტორია და დაუჯერებელი ფაქტები
ალექსანდრე დიდი, მაკედონელი (ბერძნ. Μέγας Αλέξανδρος; დ. 20/21 ივლისი, ძვ. წ. 356, პელა — გ. 11 ივნისი, ძვ. წ. 323, ბაბილონი), ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე (ძვ. წ. 336-323), ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.
ალექსანდრე რომელსაც ხშირად ალექსანდრე დიდს ან მაკედონელს უწოდებდნენ 20 წლის ასაკში ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. მიუხედავად მცირე ასაკისა მან სერიოზული მომზადება გაიარა. მამამისმა ფილიპე II-ემ ჯერ კიდევ გამოჩენილ ფილოსოფოსს არისტოტელეს მიაბარა აღსაზრდელად და 16 წლის ასაკში მისი ლაშქრობების მონაწილე გახდა. ალექსანდრეს უპირველესი სურვილი იყო რომ შეექმნა ერთი დიდი სახელმწიფო, სადაც მოქცეული იქნებოდა იმ დროინდელი ცივილიზირებული სამყარო და ამ ერთიანობას საფუძვლად უნდა დასდებოდა სამი ერთიანობის პრინციპი: ენობრივი კულტურული და პოლიტიკური. ეს იდეა კი ალექსანდრეს სხვა დამპყრობლებისაგან განასხვავებს.
ალექსანდრე დაიბადა ძვ. წ. 356 წელს მაკედონიის სამეფოს დედაქალაქ პელაში. ის იყო მაკედონიის მეფის ფილიპე II-ის და მისი მეოთხე ცოლის, ეპირის მეფის, პტოლემაიოსის ასულის, დედოფალ ოლიმპიადას შვილი. დედის მხრიდან ალექსანდრე იყო ეპიროსელი მხედართმთავრის პიროსის მეორე მამიდაშვილი. პლუტარქეს მიხედვით, ალექსანდრე მამის მხრიდან ჰერაკლეს შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან –ეაკოსის, აქილევსისა და ნეოპტოლემუსის. ცნობილია, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიბადა, ჰეროსტრატემ გადაწვა ქალღმერთ არტემიდეს ტაძარი, ეფესოში. ასევე ცნობილია ისიც, რომ ამ დღეს პარმენიონმა გაანადგურა ილირიელები და ფილიპეს ცხენებმა კი ოლიმპიურ თამაშებში, ეტლოსანთა ჯირითში გაიმარჯვეს.
როდესაც ალექსანდრე 10 წლის იყო, ფილიპეს ერთმა თესალიელმა ვაჭარმა მიჰგვარა ცხენი. მისი მოთვინიერება ვერავინ შესძლო და ამიტომ ფილიპე მის დაბრუნებას აპირებდა. ამ დროს ალექსანდრემაც სცადა ბედი და ცხენი მოათვინიერა. პლუტარქე გადმოგვცემს, რომ ალექსანდრემ შეამჩნია, რომ ცხენს თავისი ჩრდილის ეშინოდა. ამიტომ ის მზისკენ შეაბრუნა და დაუბრკოლებლად დაიმორჩილა. საბოლოოდ ფილიპემ ცხენი თავის შვილს უყიდა და უთხრა:„მაკედონია შენ ვერ დაგიტევს, შენთვის უფრო ვრცელი საბრძანისი ქვეყანა უნდა ეძიო
ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ლეონიდასი და ლისიმაქოსი. ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლე არისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეული სტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.[1] ასევე ფილიპემ არისტოტელეს ალექსანდრეს აღსაზრდელად უბოძა ნიმფების ტაძარი, მიეზასთან ახლოს. ასე, რომ მიეზა ალექსანდრესა და სხვა წარჩინებული ოჯახის შვილების სკოლად გადაიქცა. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა მომავალში ალექსანდრეს მეგობრები ან გენერლები გახდნენ. არისტოტელე აქ მათ ასწავლიდათ ფილოსოფიას, მედიცინას, ფიზიკას, მათემატიკას,ლოგიკას, ლიტერატურას, მუსიკას, ხელოვნებას და ა.შ
ფაქტები ალექსანდრე მაკედონელის შესახებ
ალექსანდრე მაკედონელი მართალია არისტოტელეს აღზრდილი იყო, მაგრამ სხვა ფილოსოფოსებთან დიდი უთანხმოებები ჰქონდა.
ალექსანდრეს მამამ, ფილიპე II მაკედონელმა, იმ დროის უდიდესი ფილოსოფოსი არისტოტელე სამეფო კარზე მოიწვია, რათა 13 წლის პრინცი აღეზარდა.
ასევე არსებობს გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს კორინთოში ალექსანდრეს შეხვედრას ცნობილ ფილოსოფოს დიოგენესთან, რომელიც ასკეტურად ცხოვრობდა თიხის კასრში. როცა იქ ალექსანდრეს ყველა ცნობილი ადამიანი ეახლა და გამარჯვებები მიულოცა, მხოლოდ დიოგენემ არაფრად ჩააგდო ახალგაზრდა მეფე და არ წავიდა მის სანახავად, მაშინ თვითონ ალექსანდრე ეახლა მოხუც ბრძენს, რომელიც მისი მარადიული “საცხოვრისიდან” – კასრიდან გამომძვრალიყო და მზეზე თბებოდა.
ალექსანდრე მივიდა, მიესალმა და უთხრა:
– მითხარ, რაც გინდა და შეგისრულებო.
– გთხოვ, ცოტა იქით გაიწიო, მზეზე ნუ მეფარებიო, – უპასუხნია გულგრილად დიოგენეს.
[miptheme_quote author=”ალექსანდრე მაკედონელი” style=”text-center”]”ვფიცავ ღმერთებს, მე რომ არ ვიყო ალექსანდრე, ვინატრებდი დიოგენობასო” – უთქვამს მეფეს თავისიანებისთვის[/miptheme_quote]
მოგვიანებით კი, როდესაც ალექსანდრე სალაშქროდ იყო წასული, ხშირად კონკრეტულ ადგილებში იმიტომ ჩერდებოდა, რათა გიმნოსოფისტებს1 გასაუბრებოდა, ეს “შიშველი ფილოსოფოსები” ინდოეთში გავრცელებულ რელიგიურ მოძღვრებების გავლენის ქვეშ იყვნენ, რომლის მიხედვითაც ადამიანური დიდება ამაოებად მიაჩნდათ და ტანსაცმლის ტარებითაც თავს არ იწუხებდნენ.
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 2/8 –
ალექსანდრე მაკედონელის 15 წლიანი საბრძოლო სარბიელი დაუმარცხებლად დასრულდა
ალექსანდრე მაკედონელის სამხედრო ტაქტიკა/სტრატეგიები დღესაც ისწავლება სამხედრო აკადემიებში. იგი მხოლოდ 18 წლის იყო, როდესაც პირველი ბრძოლა მოიგო, მას შემდეგ კი მისი პოპულარობა არნახული სისწრაფით გაიზარდა. ის ხომ პატარა ლაშქრით მასზე 2-3 ჯერ დიდ არმიებს ამარცხებდა. მას შემდეგ, რაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მაკედონელთა ბატონობა განამტკიცა, იგი აზიისკენ გაეშურა, სადაც დარიოს III, იმდროინდელი სპარსეთის მამამთავარი ბრძოლებში ააწიოკა. მის მთავარ დასაყრდენს 15 000 მაკედონელი ფალანგისტები2 წარმოადგენდნენ, რომელიც 5-7 მეტრიანი სარისათი3 იყვნენ მომარჯვებულნი და მტრის ხმლით შეიარაღებულ ჯარებს მოახლოებას არ აცდიდნენ და შორიდანვე ანადგურებდნენ.
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 3/8 –
ალექსანდრე მაკედონელმა საკუთარი სახელი 70 ქალაქს დაარქვა, ხოლო ერთსაც თავისი ცხენისა
დღესდღეობით მისი სახელით წოდებული რამდენიმე ქალაქი ნაპოვნია. მათგან ყველაზე ცნობილია ქალაქი ალექსანდრია, რომელიც ძვ.წ 331 წელს დაარსდა. დღეს კი იგი ეგვიპტის მეორე ქალაქად ითვლება. სხვა ალექსანდრიების ნაკვალევს კი დღევანდელი თურქეთის ირანის, ავღანეთის, ტაჯიკეთისა თუ პაკისტანი ტერიტორიებზე ვხვდებით. როდესაც ინდოეთში ლაშქრობისას, მაკედონელმა ჰიდასპის ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ეს სიხარული მწუხარებით შეიცვალა, როდესა მისი უსაყვარლესი ცხენი, სახელად ბუცეფალი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა. რის საპატივსაცემოდაც ამავე სახელობის ქალაქი დაარსა.
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 4/8 –
როდესაც მეფე მომავალ მეუღლეს შეხვდა, მას იგი ერთი ნახვით შეუყვარდა
ძვ.წ 327 წელს მიუვალ მთა-გორაკზე წამოჭიმული სოგდიანელთა ციხის საკვირველი დაპყრობის შემდეგ, მაკედონელმა თავისი ბედი ერთი ბაქტრიელი არისტოკრატის ქალწულს, როქსანას დაუკავშირდა, რომლითაც პირველივე ნახვისას მოიხიბლა. ტრადიციული საქორწილო ცერემონიალის შემდეგ, გამართულ ნადიმზე, მეფემ ხმლით პური ორ ნაწილად გაყო და თავის მეუღლეს უწილადა, რითაც ახალდაქორწინებულთა მაკედონური ტრადიცია შეიხსენა. მან ალექსანდრისთვის შვილის ჩუქება მის სიცოცხლეშივე ვერ მოასწრო. მეფის სიკვდილიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან ალექსანდრე IV დაბადა, რომელიც ცოტა ხანში დედასთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმეს.
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 5/8 –
სპარსელთა დაპყრობის შემდეგ, იგი მათი კულტურის შესაფერისად იცვამდა
სპარსელების იმპერიის 6 წლიანი ბრბევის შემდეგ, ძვ.წ 330 წელს, ალექსანდრემ ქალაქი პერსეპოლისი დაიპყრო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე სპარსული კულტურის ცენტრად ითვლებოდა. ალექსანდრე ხვდებოდა, რომ სპარსელთა მართვის საუკეთესო საშუალება, მათსავით მოქცევა იქნებოდა. ამიტომაც ალექსანდრემ გადაწყვიტა ჩაცმულობა შეეცვალა, რის შემდეგაც ზოლიანი ტუნიკა, სარტყელი და სპარსული დიადემა4 მისი ყოველდღიურობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა, რამაც მაკედონელ-ბერძენი პურისტები5 შოკში ჩააგდო. ძვ.წ 324 წელს მან სპარსულ ქალაქ სუზაში გრანდიოზული ქორწილი მოაწყო, სადაც 92 გამოჩენილ მაკედონელ მეომარს სპარსელი ქალები შერთო.(თავად კი დარიოს III-ის ქალიშვილ სტატირა და არტაქსერქსეს III-ის ქალწული პარისატისი შეირთო )
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 6/8 –
საოცარი სურნელების მატარებელი
პლუტარქე თავის წიგნში “არისტოკრატი ბერძნებისა და რომაელების ცხოვრება”, რომელიც ალექსანდრეს სიკვდილიდან 400 წლის შემდეგ დაიწერა, აღნიშნავს, რომ მისი კანიდან “საოცარი სურნელება იფრქვეოდა” და ასევე დასძინა, რომ თვით “მისი სუნთქვა და მთელი სხეული ისევე იყო საოცარ სურნელში გახვეული, როგორც მისი უძვირფასესი სამოსი.” თუმცა ეს ერთგვარ გაზვიადებად შეიძლება ვიგულისხმოთ, თუმცა ფაქტია, რომ ყოვლისმპყრობელ მეფეს ხელი მიუწვდებოდა იმ დროინდელი მსოფლიოს საუკეთესო ნელსაცხებლებამდე და სხვა ამგვარ საშუალებამდე, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მას მართლაც სასიამოვნო სურნელება დაჰყვებოდა თან.
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 7/8 –
ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილი ანტიკური სამყაროს დიდი საიდუმლოა
ძვ.წ 323 წელს ალექსანდრე მორიგი დიდი ლაშქრობის წინ მორიგი რამდენიმე დღიანი ღრეობა მოაწყო. რომლის დროსაც ციებ-ცხელებამ ეს ჟრიამული ჩაუშხამა. ორი კვირის თავზე კი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ალექსანდრეს მამა ფილიპე მოკლა მისმა პირადმა მცველმა, მსგავსადმე ალექსანდრეს სიკვდილს უკავშირებდნენ მხედართმავრ ანტიპატროსს და ანიტპატროსის შვილ კასანდრას(რომელმაც შემდგომ დაუკვეთა დაქვრივებული როქსანასა და პატარა ალექსანდრეს მკვლელობა) ზოგიერთი ანტიკური დროის ისტორიკოსი იმასაც კი ამბობდა, რომ საქმეში არისტოტელეც იყო გარეული და მას ანტიპატროსის ოჯახათან ურთიერთობა ჰქონდა. დღესდღეობით კი მედიცინის ექსპერტები ერთმანეთის საპირისიპირო ვარაუდებს გვთავაზობენ: ზოგი მის სიკვდილს მალარიას უკავშირებს, ზოგიც ფილტვში შეჭრილ ინფექციას, დაზიანებულ ღვიძლსა თუ ტიფს.
– ალექსანდრე მაკედონელი – ფაქტი 8/8 –
მისი სხეული თაფლით სავსე ერთგვარ ცისტერნაში შეინახეს
პლუტარქე აღნიშნავს, რომ ალექსანდრეს სხეული ეგვიპტელებმა დააბალზამირეს ბაბილონშივე, მაგრამ წამყვანი ეგვიპტოლოგი დოქტორი უოლისი ვარაუდობს, რომ იგი თაფლით სავსე ერთგვარ ცისტერნაში მოათავსეს. მისი სიკვდილიდან 1-2 წლის შემდეგ, ალექსანდრეს ცხედრის მაკედონიაში დაბრუნება იგეგმებოდა. თუმცა მაკედონიის მიმავალ მაკედონელის ცხედარს, რომელსაც მცირე რიცხოვანი ჯარი ახლდა თან – გზად პტოლემეოსი, ალექსანდრეს ერთ-ერთი მხედართმთავარი გადაეღობა, მისი სხეული მიითვისა და ალექსანდრიაში წაიღო, რათა მაკედონელის სიკვდილის შემდგომ დაყოფილი სამეფოს თავის წილი განემტკიცებინა და თავისი სახელმწიფო ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრედ გამოეცხადებინა. ალექსანდრე მაკედონელი.