“ალექსი პეტრიაშვილმა თავდამსხმელები ვერ ამოიცნო”

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პარტიის გენერალურ მდივანს, ალექსი პეტრიაშვილს საავადმყოფოში პირადად ესაუბრა.

ფანჯიკიძის თქმით, თავდამსხმელები ვერც იმ სამმა მოწმემ ამოიცნო, ვინც ინცინდენტის დღეს, საბურთალოს სასაფლაოზე ალექსი პეტრიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

“თავდასხმიდან მეორე დღეს, მისი მეგობრები ვიყავით საავადმყოფოში და მოვინახულეთ. ოპერაციის მეორე დღეს, მან ფაქტობრივად, ყველას ერთიდაიგივე გვითხრა, რომ თავს ორი პირი დაესხა. ერთი იყო ნიღბიანი, მეორე – უნიღბო, თუმცა სახეს ყელსახვევით იფარავდა. მან გვითხრა, რომ ერთი საშუალო სიმაღლის მამაკაცი იყო, ხოლო მეორე, ძალიან მაღალი, თუმცა ვერცერთი ამოიცნო. ასევე ვერ ამოიცნო ვერცერთი იმ სამმა ადამიანმა, რომელიც სასაფლაოზე პეტრიაშვილთან ერთად იმყოფებოდა”, – განაცხადა ფანჯიკიძემ “პირWელთან” საუბარში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ცნობისთვის, “თავისუფალი დემოკრატების” წევრები ითხოვენ, რომ საქმის მსვლელობა მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაკვალიფიცირდეს.

Comments
Loading...