ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ლევან მექვაბიშვილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ალექსი პეტრიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენებაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ და მეშვიდე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითაა გათვალისწინებული.

„გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2016 წლის 26 თებერვალს დაახლოებით 11:50 საათზე, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ძმათა სასაფლაოზე ლევან მექვაბიშვილი და გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ ალექსი პეტრიაშვილს და განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, მეტალის ჩაქუჩითა და ე.წ. ბეისბოლის ჯოხით სცემეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ლევან მექვაბიშვილი 2016 წლის 6 მარტს ბორჯომში დააკავეს. ლევან მექვაბიშვილის თანმხლები, დაუდგენელი პირის მიმართ საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაიწყო, ხოლო სასამართლოში საქმის განხილვა 15 ნოემბერს დასრულდა.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე მოწმის სახით 110 პირი დაიკითხა. გამოძიების ფარგლებში, ასევე, გამოიკვლიეს არაერთი ექსპერტიზის დასკვნა და ნივთიერი მტკიცებულებები.

„გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, ასევე სათვალთვალო ვიდეოკამერებზე დაფიქსირებული ჩანაწერები“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

ლევან მექვაბიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

Comments
Loading...