„ამერიკელი ქალები მარტო არ არიან“ – ტრამპის საწინააღმდეგო აქციებს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქალი შეუერთდა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველ დღეს ვაშინგტონსა და ამერიკის რამდენიმე დიდ ქალაქში, მათ შორის, ჩიკაგოში, ბოსტონში, დენვერში და ნიუ იორკში, საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა, რომლებშიც ასობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ინფორმაციით, მომიტინგეები შეშფოთებას გამოხატავენ, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ ქვეყნის მართვის დაწყებით ქალების, სამოქალაქო უფლებები, გარემოს დაცვის და იმიგრაციის საკითხები საფრთხის წინაშე დადგება.

საპროტესტო დემონსტრაციები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც გაიმართა.

ავსტრალიაში, ქალაქ სიდენიში ამერიკის საკონსულოს წინ გამართული აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ ისინი ტრამპის “სიძულვილით სავსე რიტორიკას” არ ეთანხმებიან და მას “სექსიზმისა და რასიზმის ნორმალიზებაში” ადანაშაულებენ.

მოძრაობა “ქალების მსვლელობა ვაშინგტონზე” ვებგვერდის თანახმად, მათთან დაკავშირებული 700 აქცია მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

info9.ge

დემონსტრაციები გაიმართა ევროპის დედაქალაქებშიც. ლონდონში, ტრაფალგარის მოედანზე მდებარე ამერიკის საელჩოსთან ათასობით ქალი შეიკრიბა. ქალების აქციები ასევე, გაიმართა ბუდაპეშტში, ამსტერდამში, ჰააგასა და ბერლინში.

“არანაირი განსხვავება არ არსებობს აქ მცხოვრებ ქალებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქალებს შორის“, – განუცხადა რეიჩალ მუიკალიმ სააგენტო “როიტერსს” კენიის დედაქალაქ ნაირობიში გამართულ დემონსტრაციაზე.

“ამერიკელი ქალები დღეს მარტო არ არიან, ჩვენ ყველანი ერთად ვართ“, – აღნიშნა მუიკალიმ.

დემონსტრაციები გაიმართა ასევე, აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, ნიგერიაში, სამხრეთ აფრიკაში, მალავიში და მადაგასკარში.

აქცია გაიმართა ანტარქტიკაზეც, რომლის მონაწილეებიც გარემოს დამცველები არიან. ისინი ანტარქტიკის სანაპიროზე “ეკოლოგიურად-ორიერნტირებული ვიზიტორების საექსპედიცო გემზე” იყვნენ შეკრებილი.

Comments
Loading...