ამერიკის მთავრობა მიაჩნია, რუსეთის შემოტევას უფრო რეალური ძალა უნდა დაუპირისპირდეს

2017 წლის აშშ-ის ფინანსური დოკუმენტის თანახმად, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული ასიგნებებიდან, 952 მილიონი დოლარი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვასკენ არის ორიენტირებული. თუმცა, ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ცენტრალური აზიის ქვეყნებსაც მოხმარდება. ამ ტიპის ფინანსური მხარდაჭერა ჩამოთვლილი ქვეყნების სამხედრო პოტენციალის გამყარებას და გაძლიერებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, „რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“ გამოყოფილი თანხები მოხმარდება კანონის უზენაესობის გამყარებას, ანტიკორუფციული რეფორმების გატარებას, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, ფინანსური რეფორმების მხარდაჭერას, ვაჭრობისა და ეკონომიკური დივერსიფიცირებას.

მთლიანობაში 2017 წელს აშშ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად 4.3 მილიარდ დოლარს დახარჯავს. აშშ-ს სამხედრო უწყება ვარაუდობს, რომ აღნიშნულ თანხა ნატო-ს მოკავშირეების გაძლიერებას და ევროპაში ამერიკელი სამხედრო კონტიგენტის გაზრდას მოხმარდება.

აშშ-დან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას საქართველო ქვეყნის საფრთხეების მინიმაზაციისთვის გამოიყენებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აღნიშნული დახმარება არც ერთი ქვეყნის, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ეს ფინანსური დახმარება იქნება გამოყენებული სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, თავდაცვისუნარიანობის კუთხით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის და სწორედ საფრთხეების მინიმიზაციისთვის. ასე რომ, ჩვენ ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ანალიტიკოსების შეფასებით, 2015 წელთან შედარებით აშშ-ის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობის გაზრდა, რუსეთის მხრიდან საფრთხის გაზრდიდან გამომდინარეობს, რადგან რუსეთის მხრიდან საფრთხე დღეს უფრო დიდია, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ საფრთხე აშკარაა, რადგან რუსეთი აგონიაშია და შესაძლოა, უფრო გამწვავებისკენ წავიდეს.

„ვფიქრობ, რომ თანხის ძირითად ნაწილს უკრაინა წაიღებს. თანხის გაზრდა გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი არ გაჩერდა ყირიმზე, წავიდა სირიაში და ახლა ისევ იმუქრება. საფრთხე ახლა უფრო დიდი და რეალურია, ვიდრე ორი წლის წინ იყო. რუსეთი აგონიაშია და შესაძლოა, უფრო გამწვავებისკენ წავიდეს. ამას ძალიან კარგად ხვდებიან ამერიკაში და ასევე დასავლეთში“, – ამბობს თორნიკე შარაშენიძე.

იმ შემთხვევაში, თუკი ალიანსსა და აშშ-ის მხრიდან შესაბამისი ადეკვატური ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, რუსეთი არ ითაკილებს გასცდეს სირიის საზღვრებსაც.

„რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, შევხედოთ ევროპის რუქას, ნუ დავიწყებთ უკრაინასთან შეჯიბრს, რადგან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთისგან საფრთხე მას ემუქრება. საომარი მოქმედებები მხოლოდ შეჩერებულია და არა დასრულებული. ის თანხა, რაც საქართველოს გამოეყოფა ადეკვატური იქნება იმ განსახვებებისა, რასაც წარმოადგენენ ერთმანეთის მიმართ საქართველო და უკრაინა, როგორც ტერიორიულად, ასევე რესურსებით, მოსახლეობის ოდენობით და გეოგრაფიული განლაგებით“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი, ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ საქართველოს თავდაცვის ხაზი გადის არა მხოლოდ ცხინვალზე და აფხაზეთზე, არამედ გადის ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, ჩვენ სულიერ და კულტურულ განვითარებაზე. შესაბამისად, ამ საფრთხეების ადეკვატური იქნება ფინანსური დახმარება.

„რასკვირველია, ამერიკაში კარგად აანალიზებენ შექმნილ ვითარებას, კარგად ხედავენ პუტინის განწყობას და მოქმედებას. ამიტომაც, ამერიკის მთავრობაში ფიქრობენ, რომ რუსეთის შემოტევას ცოტა უფრო რეალური ძალა დაუპირისპირდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ომი უნდა დაიწყოს.

აშშ-ს ძალიან დიდი დაზვერვის სტრუქტურები აქვს თავისი უზარმაზარი კავშირებით. სხვათა შორის ჩვენც გვისმენენ. ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ამერიკა არ გვისმენსო, მაგრამ ასე არ არის. გვისმენენ და ხედავენ რა ხდება. საელჩოს მთავარი ფუნქცია მდგომარებს ინფორმაციის დაზუსტებაში, რომ მის მთავრობას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვასილ კაჭარავამ.

წყარო:for.ge
თამთა ქარჩავა

Comments
Loading...