“ან ჯადო გვაქვს გაკეთებული, ან თვალნაკრავი ვართ, ალბათ, უნდა გამოვულოცო”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის ომარ ნიშნიანიძის განცხადებით, სამწუხარო და სავალალოა, რომ პარტია “ქართული ოცნების” გაძლიერებას საშველი არ დაადგა.

“მოქმედ პრემიერს ვუთხარი და მის წინამორბედებსაც ვეუბნებოდი, რომ ჩვენ არ გვივარგა პიარი. თანამედროვე პოლიტიკა კი პიარის გარეშე არ არსებობს. ეს თემა თუ არ გააქტიურდა, გაგვიჭირდება. ამ დღეებში გაიმართება დიდი შეკრება, სადაც ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებ. გაკეთებული საქმეები ხალხამდე აუცილებლად უნდა მივიტანოთ. საპარლამენტო უმრავლესობა შევიკრიბებით. არაა გამორიცხული, პრემიერ–მინისტრსაც შევხვდეთ. ამავე შეხვედრაზე კიდევ ერთ საკითხს დავაყენებ ძალიან მწვავედ. სამწუხარო და სავალალოა, რომ ჩვენი პარტიის გაძლიერებას საშველი არ დაადგა. ან ჯადო გვაქვს გაკეთებული, ან თვალნაკრავი ვართ. ალბათ, უნდა გამოვულოცო. ბებიაჩემმა იცოდა ნახშირით და შავტარიანი დანით გამოლოცვა და ამ ხერხს მივმართავ. ხანდახან ეჭვიც კი მიჩნდება, უნდათ თუ არა საერთოდ პარტია “ქართული ოცნება”. პარტიის საქმე კარგად ნამდვილად არ არის. ჩვენ დიდი ხნის წინ უნდა გავაქტიურებულიყავით. საპარლამენტო არჩევნები მოგვადგა კარს”, – აცხადებს ნიშნიანიძე გაზეთ “ახალ თაობასთან” ინტერვიუში.

Leave A Reply

Your email address will not be published.