ანა დოლიძე – ე.წ. მოსმენების შესახებ განცხადებას ავრცელებს…

ე.წ.მოსმენების შესახებ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ვაანალიზებთ და ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მასში შეტანილია გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, ფაქტობრივად, ბევრი ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც გამოვთქვით მოსაზრება, კვლავ დარჩენილია, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, სადაც დეპუტატები ე.წ. მოსმენების შესახებ ტექნიკური სააგენტოს შექმნის საკითხს დღეს განიხილავენ.

ანა დოლიძის თქმით, ამ კანონპროექტთან დაკავშირებით შეფასებას მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნება.
”ჩვენ ამ კანონპროექტზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდით, რადგან ეს არის სფერო, რომელიც ეხება თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ ახლა და ვაანალიზებთ მეორე მოსმენით მიღებულ კანონპროექტს. მიუხედავად იმისა, რომ მასში შეტანილია გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებები, ფაქტობრივად ბევრი ის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც გამოვთქვით მოსაზრება, დარჩენილია. მაგალითად, კომპანიების უფლებამოსილება და სააგენტოს დამოკიდებულება უსაფრთხოების სამსახურებზე. ჩვენ შეფასებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მას შემდეგ გავაკეთებთ, რაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმოიგზავნება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვის ხელში უნდა ყოფილიყო ე.წ. მოსმენების გასაღები, ანა დოლიძემ უპასუხა, რომ მოსმენების გასაღები პრემიერ-მინისტრის ხელში უნდა ყოფილიყო.

”საკონსტიტუციო სასამართლოც გვეუბნება, რომ ბუნებრივია, უნდა დავაბალანსოთ ერთი მხრივ, ის გამოწვევები, რომლებიც გვაქვს უსაფრთხოების სფეროში და მეორე მხრივ, თითოეული ადამიანის უსაფრთხოება და დაცულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ შევთავაზეთ ისეთი მოდელი, რომელიც ეხებოდა ამ ყველაფერს. გამოძიება უსაფრთხოების საკითხებზე და ფარული მიყურადების ტექნიკური ფუნქცია ერთი და იგივე უწყების ხელში არ უნდა იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ეს კონტროლი იქნებოდა პირდაპირ, მთლიანად პრემიერ-მინისტრის ხელში, ისევე როგორც ეს არის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და დაზვერვასთან მიმართებაში, ეს იქნებოდა ოპტიმალური გზა, რომ ერთი მხრივ, ეს ფუნქცია არ ყოფილიყო დაკავშირებული გამოძიებასთან და მეორე მხრივ, ზუსტად ვიცოდეთ ვის ექნება პოლიტიკური პასუხისმგებლობა თუკი პრობლემა შეიქმნება”, – აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.

ipn.ge

Comments
Loading...