ანაკლიის პორტს ქართველები და ამერიკელები ააშენებენ

დადგინდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ააშენებს. ნავსადგურის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დაიწყოს და 400 ჰა-ზე განთავსდება. პორტი დიდ გემებსაც მოემსახურება, რომელთა მიღება საქართველოს პორტებში პრობლემურია.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ „თიბისი ჰოლდინგისა“ და ამერიკული კომპანია „კონტი ინტერნეიშენალის“ მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა.

„კონტი ინტერნეიშენალი“ აშშ-ში ინფრასტრუქტურული და კაპიტალური პროექტების მიმართულებით ცნობილი დეველოპერული კომპანიაა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ კონტრაქტორები არიან ასევე საზღვაო პორტების ცნობილი სადიზაინერო კომპანია „მოფატი და ნიკოლი“ და წამყვანი ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია საპორტო ტრანზაქციების საკითხებში „მერითაიმ ენდ თრანსპორთ ბიზნეს სოლუშენზ“-ი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამთავრობო კომისია კომპანიების შერჩევის პროცესში ხელმძღვანელობდა სხვადასხვა კრიტერიუმებით:

„ფინანსური კრიტერიუმები – კანდიდატი ვალდებული იყო წარმოედგინა ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტია, რომლის მინიმალური ოდენობა განსაზღვრული იყო 20 მილიონი დოლარით.

ტექნიკური კრიტერიუმი – პორტის წინასწარი კონცეფცია, რომელიც ფასდებოდა პორტის წინაწარი დიზაინის განხორციელების გრაფიკის, პორტის ოპერაციების მართვის კონცეფციის, ადგილობრივი განვითარების გეგმის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

ეკონომიკური კრიტერიუმი – პორტის ფინასური მოდელი, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო პორტის წინასწარ კონცეფციასთან, ასევე ფინანსურ მოდელში ასახული უნდა ყოფილიყო შეთავაზების ეკონომიკური და ფინანსური სიმყარე და წარმოდგენილი ბიზნეს წინადადების მდგრადობა. დამატებით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო მარკეტინგული კონცეფცია და ნავსადგურში ტვირთების მოზიდვის ხედვა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პორტი განვითარდება რამდენიმე ეტაპად. პირველი ფაზა ეს იქნება მშენებლობის დაწყებიდან სამი წელი, როდესაც 7 მილიონი ტონის დამატებითი გამტარუნარიანობა შევა ძალაში. მშენებლობის მიმდინარეობისას საქართველოში შეიქმნება რამდენიმე ათასი სამუშო ადგილი.

„ჩაფიქრებული გვაქვს, რომ პორტის გარშემო შეიქმნას თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომელიც კიდევ ერთი ახალი სუნთქვა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს არის უნიკალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მისცემს არა მარტო საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, არამედ მთელ რეგიონს.

„არ იქნება გადამეტებული თუ ვიტყვით, რომ ეს საუკუნის მშენებლობაა საქართველოს ისტორიაში, თავისი მასშტაბებით და ამბიციებით. იგი იქნება ძველი აბრეშუმის გზის ახალი კონცეფციის ერთი სარტყელი. ერთი გზის გაგრძელება, რომელიც გამოცხადებული იქნა ჩინეთის მთავრობის მხრიდან. ეს იქნება არა მარტო პორტი, არამედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მე მინდა დიდი სიამაყით ვთქვა ჩემს პარტნიორებთან ერთად, რომ ჩვენთვის არის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. პროექტთან დაკავშირებით ტენდერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ტარდებოდა, რომელშიც 12 საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. ჩვენ შევძელით წარმოგვედგინა საუკეთესო წინადადება ამ პორტის და მისი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების თვალსაზრისით. მე მგონი, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი და ხაზგასმა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის ამხელა პროექტის დაწყება. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ მსოფლიოს წამყვან კომპანიებთან“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ანაკლიის პორტის მშენებლობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანს უწოდებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კომპანიის გამოვლენა იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი და გამარჯვებულად დასახელდა კომპანია, რომელსაც აღნიშნული პროექტის განხორციელების უნარი შესწევს.

„ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალისა და მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის ანაკლიის პორტის განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს ადგილი აბრეშუმის გზაზე კიდევ უფრო სტაბილური და ურყევი გახდება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩინეთის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის საკითხი ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის. კონსორციუმის სააქციო კაპიტალში ჩინური მხარის 33%-დან თანამონაწილეობის სტრატეგიულობაზე „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, თანადამფუძნებლად ჩინეთის მსხვილი სარკინიგზო და საზღვაო 5-მდე ოპერატორი მოიაზრება, მათ შორისა „ჩაინა ჰარბოური“ და „სი-ერ-სი“. საგანელიძე პროექტში ჩინური მხარის გარკვეული კონსორციუმით შემოსვლასაც არ გამორიცხავს.

წყარო
for.ge

Comments
Loading...