ანალიტიკოსი საწვავზე ფასის ზრდას ნავთობიმპორტიორების სპეკულაციას აბრალებს
აფბა-ს ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ საწვავზე ბოლო ორ დღეში მომატებული ფასი ნავთობიმპორტიორებმა ხელოვნურად შექმნეს.
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტებზე ბოლო პერიოდში ფასის ზრდა გარკვეულწილად ეროვნულ ვალუტაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ გუშინ გაზრდილი ფასი, სპეკულაციურ ფონს უკავშირდება.
“რეალურად, მსოფლიო ბაზარზე ბოლო სამ დღეში ნამდვილად გაიზარდა ნავთობპროდუქტებზე ფასები, 45$-დან ერთი ბარელის ფასი ასულია 50$-ზე, თუმცა მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდა არ შეიძლება ორ დღეში აისახოს ქართულ ბაზარზე. კომპანიებმა ეს ყევლაფერი თავის სასიკეთოდ გამოიყენეს, რათა მიიღონ მოკლე პერიოდში გაზრდილი მოგება. სხვა რეალური ფაქტორი ამ მოკლე პერიოდში ფასების ზრდის არ არსებობს”, – განაცხადა ბაირახტარმა “პირველ პრესკლუბში”.
რაც შეეხება საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდას, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ საწვავზე ფასი, საშალოდ 20-30 თეთრით გაიზრდება.
“ორ ლარს გადააჭარბებს თუ არ გადააჭარბებს, ამ ეტაპზე ამის თქმა ნაადრევია. თუმცა აქციზის ზრდის ამ პირობებში, თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ საწვავის ფასი ნადმვილად გაიზრდება”, – აღნიშნა ბაირახტარმა.
ნავთობპროდუქტების ბაზარზე საწვავის ფასი ბოლო ორი დღეა დიდი სისწრაფით მატულობს. ამას ლარის კურსის გაუფასურებაც ემატება. ნავთობიმპორტიორებმა საწვავი 5-7 თეთრით უკვე გააძვირეს. ექსპერტების ვარაუდით, სანამ აქციზის გადასახადი მოიმატებს, საწვავის ღირებულება კიდევ გაიზრდება.