ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ეკა ბესელიასთვის და მანანა კობახიძესთვის ფულის გადაცემას კატეგორიულად უარყოფს

ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე დღეს ქართულ გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდასთან დაკავშირებით კატეგორიულად არ ეთანხმება. მისი მტკიცებით მიმოწერა, რომლითაც თითქოს მტკიცდება უმრავლესობის დეპუტატების მიერ ფულის აღების ფაქტი მას არ ეკუთვნის და ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძესთან ფულზე საუბარი არასდროს ყოფილა.

„ეს არ არის ჩემი მიმოწერა,“ – აცხადებს კურიერთან საუბრისას ლაშა ორბელაძე, რომელიც ქართული გაზეთის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ მასალას ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს უკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული გაზეთის დღევანდელი მასალის თანახმად ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებული ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს და ასევე მიუთითებს თანხის დაახლოებით ოდენობას. სტატიაში ნათქვამია, რომ არსებობს მიმოწერის ამსახველი ფოტო მასალაც, რომელიც გაზეთს ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა გადასცა.

Comments
Loading...