And Then We Danced-ის რეჟისორმა ახალი ფილმი დააანონსა

გასული წლის გახმაურებული ქართულ-შვედური კინოსურათის And Then We Danced-ის რეჟისორმა, ლევან აკინმა ახალი ფილმი დააანონსა.

როგორც ეს ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორი თავის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, მისი შემდეგი ნამუშევრის სახელწოდება PASSAGE იქნება. აკინმა ფილმის პირველი პოსტერის ვიზუალიც გაგვიზიარა.

მომავალი ფილმის პოსტერს თუ დააკვირდებით, ამოყირავებულ შუქურაზე მოფრიალე თურქეთის დროშას შენიშნავთ, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ PASSAGE-ის სიუჟეტი სწორედ ამ ქვეყანაში განვითარდება. იმავეს გვეუბნება IMDB-იც: მართალია, ჯერ სცენარის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მოვლენების განვითარებას ქალაქ სტამბოლში უნდა ველოდოთ.

ასევე პოსტერზე გამოსახულ ფილმის სახელწოდების ასოებში თბილისის ხედებს ვხედავთ და დიდი ალბათობით, მომავალი პროექტიც კვლავ საქართველოსთან იქნება დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის გეი დრამამ And Then We Danced გასულ წელს მრავალ მაყურებელთან ერთად კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: ის აჩვენეს კანის კინოფესტივალზე, დასახელდა არაერთი უცხოური გამოცემის რჩეულ ფილმად და ამავდროულად ისეთი პრესტიჟული ფესტივალების გამარჯვებული გახდა, როგორებიცაა ჩიკაგოსსარაევოს და ა.შ.

ლევან აკინი შვედეთში მოღვაწეობს, თუმცა მას და მის ოჯახს ამავდროულად დიდი კავშირი აქვთ თურქეთთან და საქართველოსთან: აკინის წარმოშობით ქართველი მშობლები თურქეთში ცხოვრობდნენ, როცა შვედეთში წავიდნენ საცხოვრებლად.

შესაბამისად, მის ახალ ფილმში, ალბათ, ისეთივე ნოსტალგიურ და ემოციურ ელემენტებს უნდა ველოდოთ საქართველოს მიმართ, როგორც ეს And Then We Danced-ში მრავალი კუთხით ვიხილეთ.

წყარო : On.ge

Comments
Loading...