ანკარაში ქუჩას, სადაც რუსეთის ელჩი მოკლეს, გარდაცვლილის სახელი მიენიჭება

ანკარაში ქუჩას, სადაც თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს, გარდაცვლილის სახელი მიენიჭება.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი და თურქეთი არ დაუშვებს, მომხდარი მკვლელობის გამო, ორ ქვეყანას შორის მიმდინარე დიალოგს ხელი შეეშალოს. თურქი დიპლომატი ირწმუნება, რომ დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან.

„თურქეთის პრემიერ-მინისტრმა გუშინ ტელეფონით მაცნობა, რომ რუსეთის ელჩის სახელის უკვდავსაყოფად, ქუჩას, სადაც ანდრეი კარლოვი მოკლეს, მისი სახელი მიენიჭება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მკვლელობის ადგილზე რუსული დიპლომატიის სამსახურის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს. რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები კი ანკარაში, რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმის შესასწავლად უკვე გაემგზავრნენ.

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი გუშინ გარდაიცვალა. მასზე თავდამსხმელი კი – ლიკვიდირებულია.

ანდრეი კარლოვზე თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როდესაც თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ფოტოგამოფენაზე სიტყვით გამოდიოდა.

Comments
Loading...