ანსამბლმა „ფორტემ“ კონცერტი ქალთა N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 (ქალთა) დაწესებულებას ანსამბლი „ფორტე“ ესტუმრა და კონცერტი გამართა.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, ქალი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით განხორციელდა.

„ფორტეს“ წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულეს, მსჯავრდებულების კითხვებს უპასუხეს და საკუთარი მოღვაწეობის სხვადსხვა პერიოდი გაიხსენეს.

ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულების მიერ შესრულებულ სიმღერებს მოუსმინეს და მათთან ერთად რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც შეასრულეს.

ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულ ქალბატონებს თავიანთი სიმღერების ალბომი -სახელწოდებით „თბილისის მზეს“ გადასცეს.

„ფორტეს“ წევრის, ზურაბ მანჯავიძის განცხადებით, მისთვის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო და მზადყოფნა გამოთქვა მომავალშიც მიიღოს მონაწილეობა მსგავს ღონისძიებაში.

„ძალიან ძნელია ახლა ჩემთვის საუბარი იმდენად ემოციური შეხვედრა გამოვიდა. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დღევანდელი დღე გვაჩუქა. ემოციებით იმდენად დატვირთულები მივდივართ აქედან, რომ ერთი სული გვაქვს კიდევ როდის დავბრუნდებით. მცირედით მაინც თუ გავულამაზეთ ამ ქალბატონებს ცხოვრება, ჩვენ ამით ბედნიერები ვართ. ერთად შევასრულეთ სიმღერები, ერთად ვიცეკვეთ კიდეც, ქალბატონებმა მათი ხელნაკეთი საჩუქრები გადმოგვცეს, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია. ამ ადამიანებმა აუცილებლად უნდა მოახერხონ თვითრეალიზაცია და ამის საშუალება მათ ნამდვილად ეძლევათ“, – განაცხადა ზურაბ მანჯავიძემ.

პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა მადლობა გადაუხადა ანსამბლ „ფორტეს“ და აღნიშნა, რომ მსჯავრდებულებისთვის ასეთი ემოციური, ორმხრივად პოზიტიური საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია.

“არაჩვეულებრივი ინიციატივა იყო და ძალიან ემოციური შეხვედრა გამოვიდა. ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან, ჩვენი ქალბატონებისთვის ასეთი ემოციური, ორმხრივი პოზიტიური საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ფორტეს“ და იმ ადამიანებს, ვინც ეს ინიციატივა სისრულეში მოიყვანა”, – განაცხადა ნესტან ვერულაშვილმა.
მსჯავრდებულის თქმით, ქართული ფოლკლორი მათთვის ძალიან ახლობელია და კვარტეტ „ფორტეს“ სტუმრობით ძალიან ბედნიერები არიან.

„ქართული ფოლკლორის სიმღერები და ჟანრი ჩვენთვის ძალიან ახლობელია. მიუხედავად იმისა, რომ „ფორტეს“ წევრებს მხოლოდ ტელევიზიიდან ვიცნობდით, ისინი ჩვენი უდიდესი მეგობრები არიან. ძალიან დიდი ბედნიერებაა, რომ ეს ადამიანები ჩვენი სტუმრები იყვნენ. რაც უფრო ხშირად მოვლენ ისინი ჩვენთან, მით უფრო ბედნიერები ვიქნებით“, – განაცხადა მსჯავრდებულმა.

ღონისძიების ბოლოს ანსამბლის წევრებმა მსჯავრდებულების ხელნაკეთი ხატები და სხვადასხვა ნივთები დაათვალიერეს და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.