აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს გადააყენებენ, პროგნოზირებს პოლიტიკოსი

აფხაზეთის სახალხო კრება დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს დააყენებს, – აცხადებს “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი პაატა დავითაია,.

“პირველ პრესკლუბში” დავითაიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთში მძიმე ვითარებაა და მიმდინარეობს ბრძოლა ხელისუფლებისათვის, სეპარატისტების ლიდერის რაულ ხაჯიმბას დღეები დათვლილია, რისი მიზეზიც ის არის, რომ მან ბევრი უფლება მისცა რუსეთს, რაც არ სიამოვნებს აფხაზებს.

“ყოფილი ლიდერის ალექსანდრე ანქვაბის კლანი ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს. ის ღიად არ ჩანს და წარმოდგენილია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია. რეალურად, სახალხო კრება უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე პრეზიდენტი, პარლამენტი და საერთოდ მინისტრთა კაბინეტი. რასაც ეს სახალხო კრება გადაწყვეტს, ჩათვალეთ, რომ აღსრულდება”, – განაცხადა დავითაიამ.

ოპოზიციური ლიდერის ინფორმაციით, დღეს განიხილება რაულ ხაჯიმბას გადაყენების საკითხი და ახალი საპრეზიდენტო არჩვენების ჩატარება.
“თუ ხაჯიმბა არ დაემორჩილა ამას, სრულიად მოსალოდნელია, რომ შეუვარდებიან და გამოიტანენ კაბინეტიდან, ვიღაცას დასვამენ მის ადგილას და მერე ჩაატარებენ არჩევნებს. რეალურად, ხაჯიმბა ცდილობს მანიპულირებას სპეცსამსახურების საშუალებით. ქართული მოსახლეობა გაიყვანა გალის ტერიოტრიიდან იძულებით, რომელსაც ჩაგრავდა და დღეს ცდილობს მათ გამოყენებას, თითქოს ისენი მისი მომხრეები არიან და აპირებს მათ დაყენებას ქალაქის ცენტრში, რაც არარეალურია. ქართველები არ წავლენ ღია დაპირისპირებაზე აფხაზურ მოსახლეობასთან”, – განაცხადა დავითაიამ.

“ევორპელი დემოკრატების” ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციის გამოყენება საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, თუმცა საქართველოს მთავრობა საერთოდ არ მუშაობს ამ მიმართულებით, რადგან არ აქვთ კავშირები და არც უნდათ თავი აიტკიონ.
დღეს ოპოზიციური ძალების ბლოკი და მათი მომხრეები სოხუმში მიტინგს გეგმავენ, რომლის პარალელურად, დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მომხრეთა მიტინგია დაგეგმილი.

Comments
Loading...