აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

აფხაზეთს 15 თებერვლიდან, სავარაუდოდ, ენგურჰესიდან ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან “ენგურჰესის” ტექნიკური დირექტორი ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან გია ხუბუა აცხადებს.

“რეალობა შემდეგია: თუ ასეთი ტემპებით გავაგრძელებთ წყლის გამოყენებას, თებერვლის შუარიცხვებიდან წყალი აღარ იქნება და ელექტროენერგიის შესყიდვა რუსეთიდან მოგვიწევს”, – აცხადებს ხუბუა.
მისი თქმით, “ჯვარის წყალსაცავში წყლის დონე 453 მეტრია, არსებობს კიდევ 35 მეტრის გამომუშავების შესაძლებლობა, რის შემდეგაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება”.
მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება მაღალია და დღეში 8 მილიონი კილოვატ საათი გამოიყენება.
“ჩერნომორენერგოს” მთავარი ინჟინერის თემურ კაციას მტკიცებით, ჯვარის წყალსაცავში წყლის დონის კლების გამო, თებერვლის შუარიცხვებიდან “ენგურჰესიდან” აფხაზეთის ენერგომომარაგება შეუძლებელი იქნება.
“ენგურჰესი” ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა, თუმცა სამშენებლო სამუშაოები 1988 წელს დასრულდა.

ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% – საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება. ენგურჰესისის წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია.

Comments
Loading...