აპრილიდან ეკონომიკის სამინისტრო ჭოველიძის ქუჩაზე გააგრძელებს მუშაობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისში, ჭოველიძის (ყოფ. ბელინსკის) ქუჩაზე გადავა – ამის შესახებ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„შენობა, სადაც დროებით გადავდივართ, 7500 კვ.მ-ია და ეს ფართი უსათუოდ გვჭირდებოდა სამინისტროსთვის. თქვენ გახსოვთ, რომ ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ჩვენი შენობა გასულ წელს აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9მლნ. 500 ათას დოლარად გავყიდეთ. ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა მინდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენივე თხოვნით, გათვალისწინებულ ვადაზე 3 თვით მეტხანს გაგვაჩერა ამ შენობაში. ჭოველიძის ქუჩაზე ნაქირავებ შენობაში ეკონომიკის სამინისტრო 1 აპრილიდან გადავა“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომთბილისში, ჭოველიძის ქ. 10-ში მდებარე შენობა შპს „ბიზნეს ცენტრი ბელინსკისგან“ 2016 წლის ბოლომდე იქირავა. ყოველთვიური საიჯარო ქირის ღირებულება შეადგენს 75 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. შენობა სრულად უზრუნველყოფილია სამუშაო პროცესისთვის საჭირო ავეჯით, მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და პარკინგით. სამომავლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენება იგეგმება.

Comments
Loading...