საქართველოს საპატრიარქო მღვდლებს ხელფასებს არ უხდის – სად მიდის 25 მილიონი ბიუჯეტიდან?

რამდენი მღვდელმსახურია საქართველოში, აქვთ თუ არა სასულიერო პირებს შემოსავალი და რაში იხარჯება სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტი? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს ვესაუბრეთ (მასალა გამოქვეყნებულია „ამბბები.გე“-ს საიტზე):

– ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, სავარაუდოდ, ალბათ, 2 000-მდე მღვდელმსახურია, 1 000-მდე ბერი და 500-მდე მონაზონი. ეს არის სავარაუდო ციფრები, რადგან ზუსტი მონაცემი არ გვაქვს.

– საიდან ფინანსდებიან სასულიერო პირები? რა წარმოადგენს მათ საარსებო საშუალებას?

– მოძღვრებისთვის შემოსავალი არის ის შემოწირულობა, რომელსაც მრევლი გადაუხდის მღვდელმსახურების შესრულებაში, იქნება ეს ნათლობა, ჯვრისწერა, პანაშვიდი, წესის აგება და ა.შ. რასაც შესაწირის ყუთში შეწირავენ, ის არის სასულიერო პირის შემოსავალი. საპატრიარქოს ბიუჯეტიდან არც ერთი მღვდელმსახური არ ფინანსდება, რადგანაც ეს არ არის ნორმა. ეკლესიაში სასულიერო პირები თანხას ჩვეულებრივ შესაწირიდან იღებენ.

– საზოგადოებაში ხშირად უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ საპატრიარქოს ბიუჯეტი ყოველ წელს იზრდება, როგორ ნაწილდება ეს თანხები?

– თანხა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის დასაფინანსებლად გამოიყოფა, არის ერთგვარი კომპენსაცია იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, ანუ ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში სახელმწიფოსგან ეკლესიას მიადგა, ვგულისხმობ 20-იან წლებს, როდესაც ბოლშევიკურმა რეჟიმმა ეკლესიები პრაქტიკულად დააცარიელა ეს ნორმა არსებობს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ასეა, გამოყოფილია გარკვეული თანხა, რომელსაც საკომპენსაციოდ ეკლესიას უხდიან, რადგანაც ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, რა თქმა უნდა, იმ სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეა, რომლის დროსაც ეკლესიამ მატერიალური ზარალი მიიღო. აქედან გამომდინარე, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ხმარდება საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ძალიან მცირე ნაწილი სოციალურ მიმართულებებს. რადგანაც ჩვენ მომავალს ვხედავთ სასულიერო პირების აღზრდაში, სასკოლო დაწესებულებების შექმნაში, სადაც ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ შესაბამის განათლებას, ეს თანხა მთლიანად აქეთკენ არის მიმართული. ამ თანხიდან სასულიერო პირები, როგორც ასეთი, ხელფასს არ იღებენ.

არსებობს ორი სასულიერო აკადემია, ორი უმაღლესი სასწავლებელი – უნივერსიტეტი, საღვთისმეტყველო ინსტიტუტი, ოთხი სემინარია, სკოლები, გიმნაზიები და გამოყოფილი თანხა მთლიანად ამ მიმართულებებზე იხარჯება. თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ ეს 25 მილიონი არის იმდენი, რამდენითაც ფინანსდება ერთი უმაღლესი სასწავლებელი. თუ არ ვცდები, „ილიაუნის“ 40 მილიონამდე აქვს გამოყოფილი, რომ იფუნქციონიროს, პრაქტიკულად ერთი უნივერსიტეტი რასაც მოიხმარს მთელი წლის განმავლობაში, იმას იხმარს ჩემ მიერ ჩამოთვლილი დაწესებულებები და თუ ასე გავაანალიზებთ, ვფიქრობ, რომ ამხელა ეკლესიისთვის 25 მილიონი ძალიან დიდი თანხა არ არის, თუ ქვეყანაში ერთი უნივერსიტეტის დაფინანსებას 30 და უფრო მეტი მილიონი ლარი სჭირდება.

– გამოყოფილ ბიუჯეტში თუ შედის სოციალური დახმარება უმწეოთათვის?

– არა, ასეთი მიმართულება პრიორიტეტად არ გვაქვს, უბრალოდ, ეპარქიებში როგორც ახერხებენ სასულიერო პირები და მღვდელმთავრები დახმარებას, ამას ახორციელებენ. ჩვენ რომ თანხა სოციალურ დახმარებაზე გავანაწილოთ, საპატრიარქოსთან, ალბათ, ხალხის რიგი არ შეწყდება იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად ყველას უჭირს“ (ამბები.გე).

ამ ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა რიგითი მოქალაქეების მხრიდან. გთავაზობთ შეფასებების ნაწილს:

„ჯიპებიც კომპენსაციაა?“

„ჩემი წინაპრები ძალიან დაზარალდნენ კომუნისტების დროს, მათი არა მარტო ქონება, სიცოცხლეც შეიწირეს და ამ ლოგიკით მე რატომ არ მაფინანსებს სახელმწიფო?“

„მაშინ როდესაც ასეთი ამბავია ამ ტერორისტებზე, როგორ ემუქრებიან ქრისტიანებს და ამავდროულად როგორ ძლიერდებიან, იზრდებიან, ახალგაზრდებს აფინანსებენ, მიჰყავთ საქართველოდან. თქვენ კი რაზე დაობთ იმის მაგივრად, რომ, პირიქით, გავაძლიეროთ ჩვენი საქრისტიანო და დავაფინანსოთ ქრისტიანული განათლება. თქვენ, ქართველებო, თქვენ თვითონ უთხრით ძირს საქართველოს“.

„და ვინც გააკულაკეს, სახლ-კარი, მიწები ჩამოართვეს და ყველაფერი, მშიერი დატოვეს ოჯახები, ლუკმაპურის გარეშე, იმათ კომპენსაცია რატომ არ ეკუთვნით?“

„ილიაუნის მილიონები კარგად დაუთვლია და რამდენი მღვდელი ჰყავთ არ იციან?!“

„გამოყოფილ ბიუჯეტში თუ შედის სოციალური დახმარება უმწეოთათვის?“

„არა, ასეთი მიმართულება პრიორიტეტად არ გვაქვს, უბრალოდ, ეპარქიებში როგორც ახერხებენ სასულიერო პირები და მღვდელმთავრები დახმარებას, ამას ახორციელებენ. ჩვენ რომ თანხა სოციალურ დახმარებაზე გავანაწილოთ, საპატრიარქოსთან, ალბათ, ხალხის რიგი არ შეწყდება იმიტომ, რომ დღეს პრაქტიკულად ყველას უჭირს. ესე იგი ეკლესია მხოლოდ მდიდარ ხალხს ეხმარება, რომ დიდი შესაწირი დასტყუოს?”

„მსახურთა რაოდენობაც რომ არ იციან“.

„1920-იანი წლების მერე რით ვერ აინაზღაურეს ზარალი?! ეს თანხა გამოყოფილია „ლენდ კრუიზერებისთვის“, რომ მამაოებმა კომფორტულად იმგზავრონ და მდიდრული სახლები აიშენონ! გაჭირვებულებს გამოუყავით ჯობია და დაეხმარეთ ხალხს!!! ეკლესია ბიზნესად რომ გადააქციეთ“.

„იესო ქრისტე, უდიდესი მოძღვარი და უდიდესი ადამიანი, რამდენს იღებდა სასწაულების მოხდენაში? ან რომელი მარკის ეტლით დადიოდა? ან მისი მოწაფეები განკურნებაში და დემონების განდევნაში, რამდენ მონეტას იღებდნენ? აბა, მიპასუხოს ვინმემ“.

„ამ კომენტარებს რომ გადახედავს კაცი, მართლა რისი იმედი უნდა გქონდეს. მაგრად გიჭირთ ტვინში და სხვებს ასწავლით ჭკუას თქვე მართლა გაჭირვებულებო…“

„რაც მეტი სასულიერო პირი იქნება, მით უფრო უკეთესია. დანარჩენებმა, ვინც ეკლესიისა და სასულიერო პირების საქმეებში იქექებით, საკუთარ სულს მიხედეთ“.

„რამდენი მტერი ჰყოლია მართლმადიდებელ ეკლესიას. ისე კათოლიკეებს, მუსლიმანებს და ებრაელებსაც გამოუყვეს თანხები. ისიც კომპენსაციისთვის. ხო, მართლა, დაამტკიცეთ, რომ თქვენი წინაპრები გააკულაკეს, ან გადაასახლეს, ან დახვრიტეს და სახელმწიფო გადაიხდის. ტელევიზორშიც იყო ამის შესახებ რამდენიმე წლის წინათ. ოღონდ როგორ დავამტკიცო და ცოტას მომცემენ, არ მიიღება. ილიაუნის ფული კი არ დათვალა, თქვა, მგონიო, გაიგე, შე მატყუარა. ჯიპებზე იხარჯებაო, არ უთქვამს“.

„ხალხს აძულებენ ეკლესიას ჯიპიანი და ღიპიანი მამაოები-მსმელები, მოქეიფე მამაოები, დიდება უფალს!“.

წყარო: ალია

Leave A Reply

Your email address will not be published.