აქცია პარლამენტთან – “არა, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების დაკანონებას!”

პარლამენტის წინ, „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ ინიციატივით, გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია – “არა, ერთი და იმავე სქესის ადამიანთა შორის ქორწინების დაკანონებას!” გაიმართა.

როგორც პარლამენტის შენობის წინ შეკრებულმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ დაუშვებენ.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების დაკანონება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვას.

მათივე განცხადებით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ჩასწორება და მეუღლეებად ქალი და მამაკაცი დაფიქსირდეს.

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარისა და ადვოკატის, ლაშა სტურუას თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ე.წ. შავი ხვრელი არსებობს, სადაც არ არის მითითებული, რომ მეუუღლეებად ქალი და მამაკაცი ითვლებიან.

„კონსტიტუციაში გამოყენებულია სიტყვა მეუღლეები და არ არის დაკონკრეტებული ქალი და მამაკაცი. ამ საკითხს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს, სადაც წერია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის კავშირია, მაგრამ კონსტიტუციაში არის ასეთი „ხვრელი“, სადაც მეუღლეებია დაწერილი, რომლის თანახმადაც, მეუღლეებად შეგვიძლია მოვიაზროთ მაგალითად, ნებისმიერი სხვა“, – განაცხადა ლაშა სტურუამ.

Comments
Loading...