აქცია პატრიარქის წინააღმდეგ – ‘’გადადექი! წადი მონასტერში!’’ გადაიდო

აქცია „გადადექი, წადი მონასტერში“, რომელიც კანცელარიასთან დღეს უნდა გამართულიყო, გადაიდო. სოციალურ ქსელში ორგანიზატორები, აქციის გადადების მიზეზად უსაფრთხოების დაცვის ნორმების არ არსებობას ასახელებენ.
აქციის ორგანიზატორები, ავრცელებენ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების სქრინშოტებსაც, რომელიც აქციის ივენთის გვერდზე დაიწერა. მათი აქციის საპასუხოდ დაიგეგმა კონტრაქციაც, რომელზეც აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, დაგეგმილი იყო პროვოკაციები.
დღეს, მოქალაქეები პატრიარქის ინიციატივისა და მთავრობის დამოკიდებულების გაპროტესტებას გეგმავდნენ. საქმე ეხება ილია მეორეს განცხადებას, რომელშიც მან პრემიერის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭება სთხოვა.
აქცია გადაიდო!!!!! ქვემოთ მიმაგრებული ფოტოები არის გამოხმაურების ნაწილი დღევანდელ აქციაზე. როგორც ხედავთ, ადამიანებმა რომლებიც სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებული თუნდაც ხანმოკლე არეულობით, წინააღმდეგობით, პროვოკაციებით, თავიანთ მოწოდებებში სრულიად შეცვალეს აქციის აზრი და რუსული პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციაში გაავრცელეს მათთვის სასურველი მესიჯი, თითქოს აქცია იმართება პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით.
განსხვავებით ამ ადამიანებისგან აქციის ორგანიზატორები არ არიან დაინტერესებული პროტესტით პროტესტისთვის, არც იმით რომ აქციის რომელიმე მონაწილე, თუნდაც წინააღმდეგობის გასაწევად მოსული პროვოკატორი გახდეს ვერბალური ან/და ფიზიკური აგრესიის მსხვერპლი.
ასევე ცნობილია, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საფრთხე იმისა რომ სასულიერო ინსტიტუციას უკვე კანონით გაუფორმდება პატიმრების შეწყალების უფლება, ამ წუთში განეიტრალებულია თვითონ საპატრიარქოს მხრიდან, რაც რასაკვირველია მისასალმებელია და რის გამოც აქციის ჩატარება მხოლოდ აგრესიულად განწყობილი ჯგუფების ინტერესებში რჩება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქციის გადადება.
ჩვენ არ ვფიქრობ, რომ აქციის გადადება, მითუმეტეს, როცა სიტუაცია ასე თუ ისე განმუხტულია ამ მომენტისთვის ნიშნავს უკან დახევას. პირველი ნაბიჯი „შემხვედრი მიმართულებით“ თვითონ საპატრიარქომ გადადგა, ამიტომ ვთლით რომ აქციაზე უარის ვთქმა შეიძლება იყოს ამ ინსტიტუციასთან მართალია დისტანციური, მაგრამ მაინც გარკვეული დადებითი კომუნიკაციის მაგალითი.
იმედია ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ყველა ჩვენთაგანის მშვიდობიანი ბრძოლა ქვეყნის სეკულარული მოწყობის დასაცავად გაგრძელდება.
მადლობას ვუხდით ყველას ვინც აპირებდა მოსვლას, ან იყო დაინტერესებული აქციით”, – ნათქვამია აქციის ორგანზატორთა განცხადებაში.

Comments
Loading...