“არ დავუშვებთ ქვეყანაში ისეთი ხელისუფლება დაბრუნდეს, რომელიც მოქალაქეებზე იძალადებს”

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ქარელში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის მთავარ მიღწევებზე.

 

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა მთავრობის მთავარ მიღწევებზე და მათ შორის ხაზი გაუსვა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას.
“პირველ რიგში, მინდა უღრმესი მადლობა მოგახსენოთ თითოეულ თქვენთაგანს დღეს აქ მობრძანებისთვის. მადლობა იმ საქმიანობისათვის, რასაც თქვენ ჩვენთან ერთად აკეთებდით ამ წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ დგახართ იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანასა და ხალხს.
ჩვენ ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ ერთად. დღეს ჩვენ დავუმტკიცეთ სრულიად მსოფლიოს, დავუმტკიცეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ძალადობის, ოჯახების გაუბედურების გარეშე. ეს, რა თქმა უნდა, არის თითოეული თქვენთაგანის დამსახურება, ჩვენი ერთად, ყველას დამსახურება.
ჩვენ არასდროს დავუშვებთ, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ისეთი მთავრობები, ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც იძალადებენ თავიანთ მოქალაქეებზე. ჩვენ ყველამ ეს, ჩავაბარეთ წარსულს. ჩვენი მთავარი, მნიშვნელოვანი მონაპოვარი ეს არის თავისუფლება. ნამდვილად საამაყოა, რომ დღეს საქართველოში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაცულნი. მათი უფლებები არის თანაბრად დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა.
ზუსტად, ჩვენ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება თანაბრად დაცული. ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არ არის იოლი გზა, უფრო მარტივია ქვეყნის ისეთი მართვა, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა-ძალადობასა და პოლიციაზე დამყარებული რეჟიმი, მაგრამ ჩვენ ამას, ყველამ ერთად ვუთხარით არა” , – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმებზე.
“ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება და ამაში თითოეული თქვენგანის მონაწილეობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 8 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერების, ჩვენი აქტივისტების, თანამოაზრეების გამარჯვება. ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან, პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” ქვეყანაში გახლავთ რეალურად ერთადერთი, უალტერნატივო  ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობები მოაგვაროს ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას.
პარტია “ქართული ოცნების” გამარჯვება არის რეალურად შედეგი იმისა, რომ ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, იგრძნონ ის სიკეთეები, რომლებსაც ვპირდებით მომავალი ოთხი წლის განმავლობაში.
მინდა გაგამხნევოთ თითოეული თქვენთაგანი და დაგარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი შვილებისთვის, აი, ამ პატარებისთვის, რომლებიც დღეს აქ ჩვენთან არიან წარმოდგენილნი” , – აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.
Comments
Loading...