„არ მესმის, დაზარალებულებს რა უხარიათ“ – მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, სასამართლომ ქონება ჩამოართვას

კომპანია „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე დაკავებულ მაია რჩეულიშვილს შესაძლოა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქონება ჩამოართვას.

საქმე ეხება „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე გირაოს სახით შეფარდებულ 250 ათას ლარს.

რჩეულიშვილის ადვოკატის მარინა ცუცქირიძის განცხადებით, დღეს, საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა მოხდება.

მისი თქმით, თუ აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და რჩეულიშვილს ქონება ჩამოერთვა, „ცენტრ-პოინტისგან“ დაზარალებულები ვეღარ დაკმაყოფილდებიან.

„დღეს, პროკურატურის შუამდგომლობის განხილვა იქნება, რომელიც აბსოლუტურად უკანონოა. მათი შუამდგომლობა ეფუძნება იმას, რომ რადგან მაია რჩეულიშვილს ახალი ბრალი წაუყენეს – გირაოს პერიოდში ახალი დანაშაული ჩაიდინა, ამის გამო, ქონება წაართვან. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, თუ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, არ მესმის, დაზარალებულებს რა უხარიათ. მაია რჩეულიშვილს რაც მეტი ქონება წაერთმევა, დაზარალებულები საერთოდ ვერ დაკმაყოფილდებიან“, – აღნიშნა ადვოკატმა.

პროკურატურის განმარტებით, გირაოში ყოფნის პერიოდში, ბრალდებულმა მაია რჩეულიშვილმა მენაშენეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლება კვლავ განაგრძო, რა ეპიზოდზეც მას ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წარუდგინეს.

დღესვე, საქალაქო სასამართლოში „ცენტრ-პოინტის“ პროცესამდე ჩანიშნულია ე.წ. ბათუმის მაგნოლიის საქმის განხილვაც, რომლის გადადებასაც დაცვის მხარე მოითხოვს, რათა „ცენტრს-პოინტის“ პროცესს დაესწრონ, სადაც ქონების ჩამორთმევის საკითხი უნდა გადაწყდეს.

Comments
Loading...