„არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება“

“– მინდა ახლა თქვენი გაზეთის მეშვებით ვკითხო გიორგი მარგველაშვილს – თუკი მას ჰქონდა ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისგან (შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები), რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, კერძოდ, დეპუტატები ჯგუფურად იყვნენ გარეულნი კორუფციულ დანაშაულში, მათ შორის მე, რომელსაც ხშირად პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაც მიწევს, თუ ეს ინფორმაცია ჰქონდა, რატომ დუმდა ამდენ ხანს და როგორც მინიმუმ, განცხადება მაინც არ გააკეთა?! მით უმეტეს, პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, ამ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც კი მოეწვია. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ხშირად უმნიშვნელო და არააქტუალურ თემებზეც კი სპეციალურ ბრიფინგებს მართავს, რატომ დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში? მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაული პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სტაბილურობასთან და პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა იყო, დაუყოვნებლივ მოეხდინა რეაგირება. რატომ ხმა არ ამოიღო? გამოვიდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება”
„არ მინდა, ვიფიქრო, რომ ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება“
მირიან ბოქოლიშვილი
პატიმართა შეწყალების ირგვლივ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წყდება… პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს და უკვე არაერთი თანამდებობის პირიც დაიკითხა, მათ შორის პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც, რომელიც, ეკა ბესელიასთან ერთად, ბრალდებების მთავარი ადრესატი გახლდათ.
გამოითქვა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ამ სკანდალმა კობახიძე-ბესელიას სადეპუტატო მანდატიც კი გადაიყოლოს, თუმცა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მანანა კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. ვიცე-სპიკერი იმ ვერსიებსა და ეჭვებზე უკვე ღიად საუბრობს, რაც, მისივე თქმით, შესაძლოა, ამ სკანდალის მიღმა იმალებოდეს: 1. წინასაარჩევნოდ ნაციონალების მიერ აგორებული შავი პიარი; 2. პრეზიდენტის რეზიდენციაში დაგეგმილი კამპანია; და 3. პროკურატურიდან შეგნებულად გაჟონილი მცდარი ინფორმაცია.
ეს არის ის ვერსიები, რომელსაც მანანა კობახიძე ჩვენთან საუბრისას გამოთქვამს. რა აძლევს ამ ეჭვების საფუძველს? რა ურჩია მას ბიძინა ივანიშვილმა? რა კითხვები აქვს პრეზიდენტთან და პროკურატურასთან? ამ თემებზე და ზოგადად, მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე გთავაზობთ

ინტერვიუს პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძესთან.
– ქალბატონო მანანა, საუბარი მინდა დავიწყოთ პოლიტპატიმრების სიით… თავის დროზე რამდენად გამჭვირვალედ და სამართლიანად მოხდა ამ სიის შედგენა?.. არ გქონიათ კითხვები?
– ჯერ კიდევ არჩევნებამდე სხვადასხვა ფორმატებში სხვადასხვა საქმეების განხილვა მიმდინარეობდა, ამაში ჩართულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, ადვოკატთა კორპუსი… არჩევნების შემდეგ ამან სპეციალური კომისიის ფარგლებში გადაინაცვლა, სადაც უკვე შეჯერებულიყო. ეს იყო „შეკერილი“ საქმეები, რომელთა ნაწილზე, თავის დროზე, როგორც ადვოკატს, მქონდა შეხება და ძალიან კარგად ვიცი ის საპროცესო დარღვევები, რაც ხდებოდა. იგივე ბოჭორიშვილის საქმეზე გეტყვით, რომ ეს ადამიანი მაშინვე ამბობდა, რომ ეს იყო შეკერილი საქმე, რათა მისგან როგორმე ფული გამოეძალათ. ეს იყო წინა ხელისუფლების ინტერესი და როგორც თავად უთითებს, ეს ინტერესი გაჩნდა მას შემდეგ, რაც გარკვეული ფორმით ეხმარებოდა „რესპუბლიკურ პარტიას“, კერძოდ, ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის უსასყიდლოდ უთმობდა საკონფერენციო სივრცეს. მოგეხსენებათ, მაშინ ბევრი სასტუმრო თუ დაწესებულება თავს იკავებდა, ოპოზიციისთვის მსგავსი მომსახურება გაეწია.

ანუ იმის თქმა მინდა, რომ ეს საქმეები არჩევნებამდეც განიხილებოდა და არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ამ ადამიანებს გაუჩნდათ მოლოდინი, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალადობას მათ მიმართ პოლიტიკური შეფასება მიეცემოდა. იმისთვის, რომ გარკვეულიყო, რომელი საქმეები იყო ასეთი, საჭირო გახდა სპეციალური კომისიის შექმნა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ეგიდით, დაიდო კონკრეტული სია. მე არ ვიყავი კომისიის წევრი, ისევე როგორც არც ერთი სხვა დეპუტატი. მე კომისიის წინაშე წარვადგინე ჩემი არგუმენტები იმ რამდენიმე საქმეზე, რომელსაც კარგად ვიცნობდი და სადაც ჩართული ვიყავი, როგორც ადვოკატი. ამის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო თავად კომისიამ, კომიტეტში როგორ წარიმართა პროცესი, მე ვერ გეტყვით, მე არ ვარ არც ერთი კომიტეტის წევრი. ასეთი ვართ ორი ადამიანი პარლამენტში, მე და დავით უსუფაშვილი. ამას რეგლამენტი გვიკრძალავს. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ბოჭორიშვილის შეყვანას ამ სიაში, არანაირი ზედმეტი აქტიურობა არ ყოფილა ჩემი მხრიდან, კომუნიკაციაც კი არ მქონია ამ საკითხზე. სიცრუეა, თითქოს ღარიბაშვილმა მაიძულა სიიდან მისი ამოღება. ამის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე წარადგინა სპეციალური დადგენილება პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების შესახებ, ამ დადგენილებას უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და ჩვენ გუნდურად, რასაკვირველია, ვიღებთ პასუხისმგებლობას.
– ამის შემდეგ გადის დრო და შეწყალების კომისიას სთხოვეთ ნუგზარ ბოჭორიშვილის საქმის შესწავლა… ფაქტია, რომ თქვენ, ისევე როგორც თავის დროზე ეკა ბესელია, იყავით ბოჭორიშვილის ადვოკატი და, შესაბამისად, საადვოკატო მომსახურებისთვის მიღებულიც გაქვთ რაღაც ტიპის ჰონორარი… აქედან გამომდინარე, ხომ არ ფიქრობთ, რომ მაინც თავი უნდა შეგეკავებინათ, როდესაც თუნდაც შეწყალების კომისიას ამ პირის საქმით დაინტერესებას სთხოვდით?
– საადვოკატო მომსახურება ამ ადამიანებთან დავამთავრე 2012 წლის გაზაფხულამდე, ანუ ვიდრე პარტიულ საქმიანობას დავიწყებდი. ამ ადამიანებს ჰქონდათ კანონიერი უფლება, მოეთხოვათ საქმის გადახედვა, რადგან არცერთ ეტაპზე თავი არ უცნიათ დამნაშავედ და საქმე ევროსასამართლოშიც კი არის წასული. იმის გამო, რომ მანანა კობახიძე ოდესღაც იყო მათი ადვოკატი, მათ საქმის გადახედვის მოთხოვნის უფლებას ვერავინ წაართმევდა. ლოგიკურია, რომ სწორედ მე, როგორც პარლამენტის წევრს, მომმართეს რეაგირებისთვის და მთხოვეს, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში დავინტერესებულიყავი მათი საქმეების ამჟამინდელი მდგომარეობით. ეს არის ჩემი, როგორც დეპუტატის, უფლებაც და ვალდებულებაც, მით უმეტეს, რომ ძალიან კარგად ვიცი, როგორ იკერებოდა თავის დროზე ე.წ. კოკაინის საქმე. წარმოუდგენელი ზეწოლა იყო მოწმეებზე. მთავარი მოწმე სასტიკად აწამეს და შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გაუშვეს. ეს ადამიანი ცოცხალია, თავისუფლებაშია და პროკურატურასაც მისცა ჩვენება, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეზე არანაირი შედეგი არ არის დამდგარი.
– და თუკი ასეა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, პროკურატურისთვის მიგემართათ და არა შეწყალების კომისიისთვის…
– პატიმრების მოთხოვნის საფუძველზე მივმართე პროკურატურასაც. თუ ვინმეს სურს მე, როგორც დეპუტატმა, მსგავს წერილებზე რეაგირება არ მოვახდინო და თაროზე შემოვდო, ეს სხვა საკითხია. დიახ, ნუგზარ ბოჭორიშვილმა ნამდვილად მომმართა განცხადებით და მე ვითხოვე შესაბამისი უწყებებისგან ამ საქმით დაინტერესება. ეს არის არათუ კანონდარღვევა, არამედ ჩემი პირდაპირი მოვალეობა. სხვათა შორის, ნუგზარ ბოჭორიშვილი ევროკავშირის ქვეყანამ, კერძოდ, საბერძნეთმა ქართულ მხარეს არ გადმოსცა.
– თუმცა ეს დიდად არაფერს ცვლის… საბერძნეთმა ქართულ მხარეს არც დათა ახალაია გადმოსცა, მაგრამ მის ბრალეულობაში თქვენ ეჭვი არ შეგაქვთ…
– არა, მე უბრალოდ მოცემულობას გიხსნით, როგორ განვითარდა მოვლენები. საერთო ჯამში, 100-ზე მეტი მიმართვა და რეკომენდაცია მაქვს სხვადასხვა პატიმრებთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის სახელზე, ეს ხდებოდა მათი საჩივრების საფუძველზე და მე რომ ეს საჩივრები თაროზე შემომედო, სწორედ ეს იქნებოდა თანამდებობრივი გულგრილობა და დანაშაული.
– მაშინ რას უკავშირებთ იმ აჟიოტაჟს, რომელიც თქვენს გარშემო ბოლო დღეებია ტრიალებს… პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავთ?
– რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს ეს ყველაფერი ნაკარნახევი და, შესაბამისად, არსებობს რამდენიმე საფუძვლიანი ეჭვი: ამ საქმის გამოძიებით არ არიან დაინტერესებულნი კონკრეტული პირები. ზუსტად ვიცი, რომ ე.წ. კოკაინის საქმის პროკურორი დღესაც მუშაობს პროკურატურაში. ეს გახლავთ ავთანდილ კოჭლამაზაშვილი. შესაძლოა, ის დღეს თავის მოვალეობებს მშვენივრად ასრულებს, მაგრამ მაქვს ეჭვი, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესი არ გააჩნია, ისევე როგორც ქვედა დონეზე მომუშავე რამდენიმე გამომძიებელს, რომელიც იმ პერიოდში კუდ-ში მუშაობდა. მათ ინტერესში არ არის, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, მათი სახელები ზედაპირზე ამოვიდეს. ძალიან სერიოზული კითხვებია ამ საქმის ირგვლივ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამ საქმიდან ამოღებულია საკმაოდ დიდი თანხა, დაახლოებით 1 მილიონ 700 ათასი ევრო, საიდანაც დაახლოებით ნახევარ მილიონ ევრომდე მიითვისეს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა. სახელმწიფო ბიუჯეტში ამ თანხის მხოლოდ ნაწილი იქნა შეტანილი, ისიც მას შემდეგ, რაც არჩევნებში დამარცხდნენ და პირველივე დღეებში გადარიცხეს ხაზინაში დარჩენილი თანხა. სად წავიდა და ვინ გაფლანგა ნახევარი მილიონი ევრო, ეს სწორედ პროკურატურამ უნდა გაარკვიოს და სწორედ ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმის ირგვლივ ხელოვნურად აგორებული სკანდალი კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება და შესაძლოა, პროკურატურაში ჩემ მიერ გადაგზავნილი განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვებაც სწორედ ამას უკავშირდებოდეს. აშკარაა, რომ ამ საქმის ობიექტური გამოძიება ვიღაცას უხერხულობას უქმნიდა და შიგნიდანვე შეთხზა ბინძური, შეგნებულად დამახინჯებული ინფორმაცია, შემდეგ მიიტანა ელისაშვილამდე, რომელთანაც შეწყალების კომისიაში მე განცხადებები უკვე გადაგზავნილი მქონდა, რაც თითქოს უფრო მეტ დამაჯერებლობას სძენდა ჩემი დისკრედიტაციის მიზნით წინასწარ დაგეგმილ კამპანიას. მე მაქვს მაღალი ნდობა პროკურატურის ახალი გუნდის, პირადად ირაკლი შოთაძის. ის მოტივირებული ადამიანია და იმედი მაქვს, ბევრ საქმეზე დადგება შედეგი. დიახ, ბოჭორიშვილის საქმეში ნამდვილად არის გამოძალვის თემა, ოღონდ გასარკვევია, ვინ ვის რას სძალავდა. არსებობს ჩანაწერები, სადაც პირდაპირ ისმის, რომ სოსო თოფურიძის დავალებით კუდ-ის თანამშრომლები ამ ადამიანებისგან ითხოვდნენ 3 მილიონს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ.
– პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრაქტიკულად დაადასტურა ელისაშვილის ინფორმაცია და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ნამდვილად აქვს ნანახი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილი სატელეფონო მესიჯები…
– მინდა ახლა თქვენი გაზეთის მეშვებით ვკითხო გიორგი მარგველაშვილს – თუკი მას ჰქონდა ინფორმაცია მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისგან (შეწყალების კომისიის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები), რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, კერძოდ, დეპუტატები ჯგუფურად იყვნენ გარეულნი კორუფციულ დანაშაულში, მათ შორის მე, რომელსაც ხშირად პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაც მიწევს, თუ ეს ინფორმაცია ჰქონდა, რატომ დუმდა ამდენ ხანს და როგორც მინიმუმ, განცხადება მაინც არ გააკეთა?! მით უმეტეს, პრეზიდენტს ჰქონდა უფლება, ამ სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც კი მოეწვია. გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ხშირად უმნიშვნელო და არააქტუალურ თემებზეც კი სპეციალურ ბრიფინგებს მართავს, რატომ დუმდა მთელი ამ ხნის განმავლობაში? მაღალი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული დანაშაული პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის სტაბილურობასთან და პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა იყო, დაუყოვნებლივ მოეხდინა რეაგირება. რატომ ხმა არ ამოიღო? გამოვიდეს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. არ მინდა ვიფიქრო, რომ მთელი ეს ბინძური კამპანია პრეზიდენტის რეზიდენციაში იგეგმება.
– როგორც ვიცი, პრეზიდენტთან ერთად, საზღვარგარეთ დელეგაციაშიც არაერთხელ ყოფილხართ… არ გისაუბრიათ ამ თემაზე?
– ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში არაერთხელ ვყოფილვარ სხვადასხვა ქვეყანაში. მიმიწვია რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრაზეც, სადაც უცხოელი სტუმრები გვყავდა, არც ერთ ეტაპზე მას ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მე რომ დაინტერესებული ვყოფილიყავი, კონკრეტული საქმეებზე რაიმე კულუარული მოთხოვნა მქონოდა, ამის შესაძლებლობა პირადად პრეზიდენტთან არაერთხელ მქონია, მაგრამ არც ერთხელ მე ეს არ მიკადრებია და არც ვიკადრებ. მაინტერესებს, კორუმპირებულ დეპუტატს რა ესაქმებოდა პრეზიდენტის დელეგაციაში?! ახლა მაინც გამოვიდეს და თქვას, რასთან გვაქვს საქმე, ასე ხომ არ შეიძლება… თუკი ჩემს ვალდებულებას, მიმემართა შეწყალების კომისიისთვის, პრეზიდენტი ზედმეტ ჩარევად თვლიდა, აეღო ტელეფონი და ერთხელ მაინც დაერეკა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მთელი ეს მიზანმიმართული კამპანია ძალიან საეჭვოდ ემთხვევა წინასაარჩევნო პერიოდის დასაწყისს.
– ანუ ფიქრობთ, რომ ეს სკანდალი არჩევნების წინ თქვენს დისკრედიტაციას ემსახურება?
– მოგეხსენებათ, 2012 წლის არჩევნების წინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა პარტია, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო მანანა კობახიძე, რაც არის უზარმაზარი ნდობა და პასუხისმგებლობა ჩემ მიმართ. მაშინაც პირველი „კომპრომატი“, რაც ჩემს წინააღმდეგ გამოაგდეს, იყო სწორედ ის, რომ მე ვიცავდი ე.წ. კოკაინის საქმეში ბრალდებულებს. ახლაც დაახლოებით იგივე სცენარი მეორდება. პრაქტიკულად დაწყებულია ახალი საარჩევნო ციკლი და ძალიან ბინძური მეთოდების გამოყენება დაიწყეს.
– ამ სკანდალის შემდეგ, ხომ არ გიფიქრიათ პოლიტიკიდან წასვლაზე?
– ზუსტად ეს უნდათ ამ კამპანიის ავტორებს, რომ წყობიდან გამომიყვანონ და საერთოდ ჩამოვცილდე პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ მინდა, მათ იმედები გავუცრუო. არსად წასვლას არ ვაპირებ და მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ვგეგმავ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებას და იმ იდეის ერთგულებას, რა იდეითაც ჩვენი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში.
– ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან თუ გქონდათ საუბარი ამ თემებზე?
– ბატონ ბიძინასთან და პრემიერ-მინისტრთანაც, რა თქმა უნდა, ვისაუბრე, მათ საკუთარ თავზეც აქვთ გამოცდილი მთელი ეს სიბინძურე, რაც ახლა ჩემ მიმართ ხდება.
– როგორია ივანიშვილის პოზიცია?
– მითხრა, სხვას რას უნდა ელოდო იმ ჯგუფისგან, ვინც ამ კამპანიას აგორებსო. ეს არის ჩვეულებრივი კამპანია და მირჩია, ამდენი დრო არც ვხარჯო ამ სიბინძურეზე პასუხის გასაცემად.
საგაზეთო სტატიის ამონარიდი, რომელიც ქალბატონი მანანა კობახიძის facebook გვერდზეა გავრცელებული.

Comments
Loading...