„არ ვაპირებთ გავზარდოთ დამოკიდებულება რუსეთზე“

კახი კალაძისა და გაზპრომის ხელმძღვანელის ალექსეი მილერის მორიგ სამუშაო შეხვედრას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მან განაცხადა, რომ გაზპრომი ენერგეტიკის მინისტრს არ შემოუყვანია საქართველოში.

„ენერგეტიკის მინისტრს და საერთოდ მთავრობას და ქართულ ოცნებას გაზპრომი დაგვხვდა საქართველოში, რომელიც ცნობილი გაზსადენის მეშვეობით გაზს აწვდის ჩვენ მეზობელ სომხეთს. საქართველო არ უნდა იყოს ენერგოდამოკიდებული ქვეყანაზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და რომელიც ცნობილია მსოფლიო მასშტაბით იმითი, რომ ენერგო საკითხებს იყენებს პოლიტიკური მიზნებით. არანაირი ფორმით და არანაირი პროპორციით არ ვაპირებთ გავზარდოთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე მაშინ, როდესაც არსებობს ენერგო მომწოდებლის ალტერნატიული ვერსიები. თუ საქართველოს ტერიტორია არის გამოყენებული გაზის ტრანზიტისთვის. მე ვსვამ კითხვას, საქართველო უნდა ცდილობდეს თუ არა, რომ მიიღოს მეტი შემოსავალი აქედან? არ ვიცი, შეიძლება არის მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ჩვენი პრინციპული პოზიცია უნდა იყოს, რომ 10 პროცენტს არ მოვკიდოთ ხელი. ის ხომ ოკუპანტის გაზია და რაში გვჭირდება ჩვენ ოკუპანტის 10 პროცენტი, გავაბრუნოთ უკან ან მივცეთ სომხეთს“, – დასძინა უსუფაშვილმა.

ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზპრომის ხელმძღვანელ ალექსეი მილერთან მორიგი სამუშაო შეხვედრის შესახებ გააკეთა განცხადება. ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ლუქსემბურგში გაიმართება.

ენერგეტიკის მინისტრის წინა შეხვედრა “გაზპრომის” ხელმძღვანელობასთან მილანში გაიმართა. მხარეებმა ტრანზიტის მომსახურების ხელშეკრულების გაგრძელებისა და ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა განიხილეს. მხარეებს შორის მოლაპარაკება დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

Leave A Reply

Your email address will not be published.