არ ვაპირებთ, შევარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია – გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ახლა საუბარი ნაადრევია.

პრეზიდენტის ინტიტუტი დასუსტდება, რადგან “ქართული ოცნების” წევრები საუბრობენ იმაზე, რომ პრეზიდენტი უნდა ირჩეოდეს არაპირდაპირი გზით, მას აირჩევს არა ხალხი, არამედ პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი “ქართული ოცნება, რომელიც მას აირჩევს – ამ შინაარსის შეკითხვა დაუსვა პრემიერს “იმედის” ჟურნალისტმა.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აჟიოტაჟი ტყუილად არის ატეხილი.

“ეს საკონსტიტუციო ცვლილებების თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს აჟიოტაჟის საგანი. მგონია, რომ ისიც არასწორი იყო, მათ შორის, ჩვენი პარტიის რამდენიმე წევრმა მოახდინა გარკვეული აქტივიზაცია და მაშინვე გავაკეთე განცხადება, რომ კომისია, რომელიც არსებობს, მან უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ძალიან ფართო ფენების ჩართულობა ასეთი საკითხების გადაწყვეტისას.

ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მივიღოთ ისეთი კონსტიტუცია, რომელზეც საქართველო შეთანხმდება და არა მხოლოდ “ქართული ოცნება” და საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამიტომ, რომელი ინსტიტუცია რა ადგილს დაიკავებს საქართველოს მოწყობის ახალ სისტემაში, რომელიც დამერწმუნეთ, რომ ნამდვილად შესაცვლელია, დღეს ამაზე კონკრეტული მოდელის გამოცხადება პრემიერ-მინისტრის მხრიდან და მითუმეტეს, იმ გუნდის ლიდერის მხრიდან, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობაში მოდის, ძალიან არასწორი იქნება”, – განაცხადა პრემიერმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ქრონიკაში”.

ამის მიზეზად კი კვირიკაშვილმა ის დაასახელა, რომ პოზიციის წინასწარი გაჟღერება იქნება წინასწარი განსაზღვრა იმ საკითხის, რომელზეც ჩართულობითი დიალოგის გამოცხადება მისი ინიციატივა იყო.

“რა თქმა უნდა, ჩემი აზრი გამაჩნია, მაგრამ ამის გამოცხადებას დღეს არ ვაპირებ. არ ვაპირებთ, რომ შევარდეთ პარლამენტში და გამოვცვალოთ კონსტიტუცია. ეს არ არის ჩვენი მთავრი მიზანი. ეს არის დაახლოებით, ერთწლიანი პროცესი, მათ შორის, პარლამენტში არსებობს პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ეს არ მოხდეს სწრაფად და ამას ალბათ, ერთი წელი მაინც დასჭირდება. დავადასტურეთ, რომ უზურპაცია არ გვსურს და მაქსიმალურად გადავანაწილეთ ძალაუფლება, ამიტომ, ეს საკითხი აქტუალური არ არის დღეს. ვფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში, უნდა იყოს ბალანსი ძალაუფლებებს შორის და ქვეყანამ უნდა მოახდინოს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...